უკრაინაში საბჭოთა კავშირის დროს გადაღებულ ფილმებს საახალწლოდ აკრძალავენ. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფილმების შესაძლო აკრძალვამ განგაში გამოიწვია იმ ადამიანებში, ვისაც დღესასწაულის დროს მათი ყურება უყვარს.
როგორც ცნობილია, აკრძალვა ფილმ "ბედის ირონიასაც" შეეხო, რომელიც ტელეეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა და საბჭოთა ქვეყნებში საახალწლოდ მისი ჩვენება ტრადიციად იქცა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფილმს საფრთხე ემუქრება, რადგან ერთ-ერთი პერსონაჟის გამხმოვანებელი მსახიობი ყირიმის ანექსიის დროს რუსეთს მხარს უჭერდა, რის გამოც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. თუმცა ფილმის რეჟისორი, ელდარ რიაზანოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს საჯაროდ აკრიტიკებდა.
კრიტიკოსების თქმით, უკრაინის მთავრობა ცდილობს ქვეყანაში რუსეთის გავლენა შეამციროს, მაგრამ მათი ნაბიჯები ძალიან შორს წავიდა, რადგან საქმე ფილმების აკრძალვას შეეხო.
რუსეთის პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი, უკრაინაში საბჭოთა კავშირის დროს გადაღებული ფილმების აკრძალვას ტვიტერში გამოეხმაურა.
"მათ უნდათ უკრაინაში "ბედის ირონია" აკრძალონ. მაგრამ როგორია უკრაინის ბედი? რაც მეიდანზე მოხდა ბედის ირონია არა, მაგრამ ბედის ცინიზმი იყო", _დაწერა პუშკოვმა.