ქალაქ ოზურგეთის კათოლიკურ ეკლესიაში წმ. სტეფანე პირველწამებულის დღესასწაული აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო. დღესასწაულს ესწრებოდნენ ადგილობრივი კათოლიკე მრევლი და მოწვეული სტუმრები.
სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი იყო პირველი , რომელმაც ქრისტესთვის სიცოცხლე გასწირა. მისი წამების დეტალები მოყვანილია ახალი აღთქმის ფურცლებზე. წმინდა პავლე მაშინ კი სავლე, იყო ქრისტიანების ერთ-ერთი მდევნელი, რომელიც წმინდა სტეფანეს წამებას გულმოდგინედ ადევნებდა თვალს.
ოთხი საუკუნის შემდეგ, 415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ აღმოყვანებულ იქნა სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს. მათი აღმოჩენის შესახებ ყველა ეკლესიას ამცნო პალესტინელმა მღვდელმა ლუკიანემ. წმინდა ნაწილების გადაბრძანებისას ნაწილი ესპანეთში მოღვაწე მღვდელმსახურ ავიტს გადასცა, რომელმაც პავლე ოროზის ხელთ ესპანეთში გაგზავნა. წმინდა ნაწილებმა ესპანეთში ომის გამო დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და წმინდა ნაწილები ზოგი მენორკაში, ზოგი კი ჩრდილო აფრიკულ ქალაქ უზალისში აღმოჩნდა.
ინფორმაციისთვის, კათოლიკური მრევლი გურიის ტერიტორიაზე ქალაქ ოზურგეთში და სოფელ შრომაში ცხოვრობს. სხვადასხვა ცნობებით მათი რაოდენობა 1000-მდე გახლავთ.