"ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის" – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც პარლამენტმა ახალ მთავრობასთან ერთად მხარი უნდა დაუჭიროს.
პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.
პროგრამაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" მთავარ მიზნად კვლავ რჩება ერთიანი, ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.
"მთავრობამ განახორციელა მთელი რიგი ცვლილებები და ფუნდამეტური რეფორმები, რითაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებებით; შენდება დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტები; დაბალანსებულად მუშაობენ სახელმწიფო ორგანოები; მნიშვნელოვნად დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა; ფუნდამენტური რეფორმები ხორციელდება მართლმსაჯულების სფეროში; კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა; მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას სახელმწიფო იძლევა; უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება; დამკვიდრდა დემოკრატიული არჩევნების ტრადიცია; მოხდა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და შემოღებულია რეალური თვითმმართველობა", – ნათქვამია პროგრამაში.
დოკუმენტში ხაზგასმაულია, რომ ქვეყნის მთავარ ორიენტირად რჩება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაც.
"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობები თვისებრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა და პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევი გახადა.
2014 წლის 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება. ხელშეკრულება რატიფიცირებულია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანის მიერ. 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ხელშეკრულების პირობითი ამოქმედებით, ევროინტეგრაცია გახდა ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ნაწილი.
ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციისათვის ქმნის რეალურ სამართლებრივ საფუძველს და საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცეველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის თანამიმდევრული განხორციელებით საქართველო გახდება ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილი. ასოცირების შეთანხმების განხორციელება ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს შეეხება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი რეფორმები მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსა და ხელსაყრელი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. შეთანხმება სრულ თანხვედრაშია მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან", – აღნიშნულია პროგრამაში.