FactCheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს. გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე რამდენიმე კვლევა მოამზადა.
FactCheck.ge -ს ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული სტატია "ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ამჟამად უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის სამი წელი შეაჯამა და არაერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, მან ძირითადად მხოლოდ მიღწევებზე ისაუბრა. "ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” პრემიერის გამოსვლას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო სამ წელიწადში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა, ესენია: ინფლაცია, სახელმწიფო ვალი, ეკონომიკური ზრდის ტემპი, ექსპორტი, იმპორტი, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი, პენსია და საარსებო მინიმუმი.
ფაქტ-მეტრმა ამ მონაცემების სიზუსტე გადაამოწმა და გააანალიზა, თუ რამდენად ეფექტური იყო ღარიბაშვილის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა.
როგორც კვლევამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ "ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი მაჩვენებლის დოლარში შედარება არალოგიკურად ხდება, მთლიანობაში მოცემული ინფორმაცია სწორად ასახავს იმ მაკროეკონომიკურ ცვლილებებს, რასაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების უმეტესობა გაუარესდა. შესაბამისად, როდესაც ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობის მიღწევებზე საუბრობდა (ძირითადად იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით რამდენი ფული დაიხარჯა), მან არაფერი თქვა იმაზე, თუ რა მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდა ბიუჯეტის გაზრდილ ხარჯებს, რომელიც გაზრდილი მთავრობის ვალის ძირითადი მიზეზია. ასევე, ბიუჯეტიდან მაღალდეფიციტურ ხარჯვას პერიოდულად უარყოფითი გავლენა ჰქონდა ლარის კურსზე და ფასების დონეზე. ეკონომიკური ზრდის შენელების მიზეზი კი, რეგიონში გართულებულ სიტუაციასთან ერთად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკაც გახდა, რომელიც მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე მიმართული არ იყო.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ის მოსაზრება, რომ ბოლო სამ წელიწადში მაკროეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა გაუარესდა, მეტწილად სიმართლეა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი ფაქტი ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხებოდა. მისი თქმით, პროგრამით – "აწარმოესაქართველოში” უკვე 123 პროექტიადაფინანსებული, ესქართულწარმოებაშიჩადებული 350 მლნლარისინვესტიციაა.
პროგრამა – "აწარმოე საქართველოში” 2014 წლის მაისში ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 139 პროექტი დაფინანსდა და დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 325 მლნ ლარს შეადგენს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა "ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის" წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც გადაამოწმა. ჯაფარიძის თქმით, მედიკამენტებისდაფინანსებასსაყოველთაოჯანდაცვაარითვალისწინებს, წამლებზეფასებიკითითქმისმესამედითგაიზარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისას ხდება. საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსებას არ ითვალისწინებს. სამკურნალო საშუალებების ხარჯები 50%-იანი თანაგადახდით მინიმალური წლიური ლიმიტის (50, 100 და 200 ლარის) ფარგლებში მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს უნაზღაურდებათ (ესენია: 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი პირები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, საპენსიო ასაკის პირები და ვეტერანები). აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფები (გარდა ვეტერანებისა) ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდეც სარგებლობდნენ და მედიკამენტების ხარჯები ანალოგიურად უფინანსდებოდათ.
2014-2015 წლებში მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის. მიმდინარე წლის ნოემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით მედიკამენტებზე ფასები 24.2%-ითაა გაზრდილი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე", _ აღნიშნულია FactCheck.ge -ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ FactCheck.ge მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.