საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამისა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეკითხვები შეეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას, სოფლის მეურნეობას, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, ე.წ. გახმაურებულ საქმეებს და სხვა საკითხებს.
მათი განცხადებით, შემცირდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი, შემცირდა ასევე ინვესტიციები და ექსპორტი, გაიზარდა ტარიფები და საგარეო ვალი, დაეცა ლარის კურსი და შეჩერდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
გიორგი კვირიკაშვილმა კითხვის პასუხად, თუ რას გეგმავს კაბინეტი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, განაცხადა, რომ უფრო მეტი აქცენტი იქნება გაკეთებული კერძო სექტორზე.
„უმთავრესი ცვლილება, რასაც ვფიქრობ, რომ ჩვენი კაბინეტი განახორციელებს ეს იქნება უფრო მეტი აქცენტი კერძო სექტორზე. სადაც კი შესაძლებელი იქნება, სახელმწიფოს ჩარევა გამორიცხული იქნება. ეს იქნება უმთავრესი ცვლილება. სადაც კი იქნება პოტენციალი იმისა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი შედგეს, – იქნება ასეთი პარტნიორობის მოდელი.
სადაც კი იქნება შესაძლებელი, რომ ამ პარტნიორობის მოდელის გარეშე იქნას კერძო სექტორი სერვისების თუ საქონლის მიწოდებაში, იქნება ასეთი მოდელი გამოყენებული. მთლიანად აქცენტი იქნება გადატანილი პასუხისმგებლობიან თანამშრომლობაზე საჯარო და კერძო სექტორს შორის", – განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა.
მისი თქმით, შეეცდებიან, რომ ბიუროკრატიული წნეხის მინიმალიზაცია მოხდეს და კერძო სექტორისთვის ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დამწყები ბიზნესისთვის შემოღებული იქნება დაკრედიტების მექანიზმები.
პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი შეიძლება ხშირად იყო ეფექტური, მაგრამ იყო ავტორიტარული და როცა ასეთი რეჟიმის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიულ სისტემაზე გადადის და ბიზნესი ბიუროკრატიული წნეხისგან თავისუფლდება, ეკონომიკური მაჩვენებლების შენელება ბუნებრივია.
„როცა ქვეყანა გადადის დემოკრატიულ სისტემაზე და როდესაც ქვეყანა ათავისუფლებს ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან, აბსოლუტურად მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება. ამ შენელების მიზეზები, როგორც უკვე ვთქვი, იყო როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებისგან განპირობებული“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს იმ განსხვავებას, რომელიც დღეს არსებობს: „ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ არის როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. მაგრამ ტენდენცია რომ დადებითია, ამაზე არა მგონია ვინმეს რამე კითხვა ჰქონდეს“.
საგარეო ვალზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საგარეო ვალი 137 მილიონი დოლარით შემცირდა – 2012 წელს საგარეო ვალი შეადგენდა 4 მილიარდ 357 მილიონ დოლარს, 2015 წელს კი 4 მილიარდ 220 მილიონ დოლარს.
პრემიერმინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ტარიფების ზრდა დევალვაციის პირობებში აუცილებელია, რათა არ დაზარალდეს კერძო სექტორი.
„ეს არის ის სისტემა, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა, ეს არის მარეგულირებელი ინსტიტუტების სისტემა, რომელიც წყვეტს ასეთი ტიპის საკითხებს, რათა ზემოგება არ მიიღოს ერთი მხრივ კერძო სექტორმა, მეორე მხრივ შენარჩუნდეს სიცოცხლისუნარიანობა იმ ბიზნესსუბიექტების, რომლებიც ენეგერტიკისა და წყალმომარაგების სფეროში მოღვაწეობენ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მისი განაცხადებით, იგი მზად არის უმცირესობას შეხვდეს და საკითხი განიხილოს.