საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, NDI-ის მიერ ჩატარებულ ბოლოდროინდელ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებულ დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ "საკმაოდ ეჭვს იწვევს იმ კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც ჩატარდა":
_ „არ ვიცი, რას ემყარება ასეთი კვლევები. თვითონ NDI-ი არის მართლაც მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზიაცია. საკმაოდ ეჭვს იწვევს იმ კომპანიების მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელიც ჩატარდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რეცეპტორები, რომლებიც სხვა შეგრძნებებს იძლევა საზოგადოებრივი სურათის და მხარდაჭერების, თუმცა მომავალი წინ არის.
მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები და რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგი იქნება ყველაზე კარგი დამადასტურებელი იმ მხარდაჭერის, რომელიც ჩვენს მთავრობას ექნება.
ეს არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ბოლოდროინდელი რამდენიმე არჩვენების შემდეგ“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეხვედრის დასასრულ, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და შეძლებისდაგვარად კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც ექნება სურვილი, რომ ქვეყანა უკეთესი გახადოს.
შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ შეაჯამა.
„მე ნამდვილად მივესალმები, რომ თქვენ, როგორც წესიერმა ადამიანმა, გულწრფელად ბრძანეთ, რომ სააარჩევნო დაპირებები იყო გადაჭარბებული და არ აპირებთ მოსახლეობის მოტყუებას ისე, როგორც ამას აკეთებდნენ თქვენი წინამორბედები.
ეს კარგია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ როგორც ჩანს, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა დარჩენილ ათ თვეშიც ვერ ეღირსება 220-ლარიან პენსიას, იაფ ენერგოტარიფებს, იაფ ფულს, დასაქმებას და იმ ყველაფერს, რასაც მეოთხე წელს ელოდებოდნენ, რომ ჯიბეზე იგრძნობდნენ. ეს ცუდია. დანარჩენი განსაჯოს მოსახლეობამ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.