სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დავით ქოქოლაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ქოქოლაძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში თვითნებურად დაკავებული 947 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარი მოითხოვა.
დავით ქოქოლაძემ მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2000 აშშ დოლარი წინასწარ აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.