სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების პრიორიტეტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროში გლობალური რეფორმები 2012 წლიდან ხორციელდება, 2016 წელს კი ყურადღება მსჯავრდებულების დასაქმებაზე გამახვილდება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ეს იქნება. დასახული ამოცანის განსახორციელებლად საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. კახიშვილის განცხადებით, პარლამენტისგან მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერის პირობა მიიღო.
"2016 წლის პრიორიტეტებში მსაჯვრდებულების დასაქმება გვაქვს. კანონში ცვლილებები ინიცირებულია. ცვლილების თანახმად ჩვენ საშუალება გვექნება მსჯავრდებულებს პირადი კონტრაქტები დავუდოთ დასაქმებაზე. ასევე მოგვეცემა საშუალება ისინი ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადავიყვანოთ სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით და ამაში ხელფასიც მივცეთ. პრიორიტეტულია ასევე სარეჟიმო მოთხოვნების დაცვა. სამინისტროს მეორე ამოცანაა – მსჯავრდებულების ნამუშევრების ონლაინ მაღაზიების მეშვეობით გაყიდვა. გარდა ამისა, პრობაციის სააგენტოში ზოგიერთი კაბალური გადასახადი იყო დაწესებული და ვაპირებთ ამ გადასახადებზე უარი ვთქვათ. ამავდროულად, ახალი დაწესებულებების აშენებას და უკვე აშენებულის გახსნას ვგეგმავთ. მაგალითად, ახალი წლის შემდეგ N6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულების გახსნას ვაპირებთ. 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის/ბრალდებულებისთვის დაწესებულების დაპროექტება დაიწყება"- განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახიშვილმა ჟურნალისტებთან მოსამართლეების შერჩევის მექანიზმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო კორპუსი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც ნდობას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოუცხადებს.
"მე ყოველთვის მინდოდა მოსამართლეების შერჩევა მკაცრი კრიტერიუმებით მომხდარიყო, რადგან საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა ჰქონდეს. თუ დაინიშნა რამდენიმე ისეთი მოსამართლე, რომელთა მიმართ საზოგადოებას ნდობა არ აქვს, ეს საერთო სასამართლო კორპუსისადმი ნდობის დაკარგვას გამოიწვევს" – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
(R)