მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა ქობულეთის რაიონის უმეტეს სოფლებში. ძლიერ თოვას ქარიც დაერთო, რამაც მდგომარეობა უფრო გაართულა.
მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანებული ელქტროგადამცემი ხაზების გამო, დაახლოებით 7 ათას 500 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებებია წყლით მომარაგებაშიც, რადგანაც ბევრ უბანზე წყლის მილები დაზიანდა ან წყალი გაიყინა.
ამ დროისათვის ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის სიმაღე 1 მეტრს აჭარბებს, დაბალი ზონის სოფლებში კი 60-80 სანტიმეტრია.
ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის გელა გოგიტიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ ხერხდება ყველა სოფელთან მისასვლელი გზის გახსნა:
_ ტექნიკა ბევრ უბანზე მუშაობს. ყველა მიმართულებით ვერ ვასწრებთ გზების გაწმენდას, მაგრამ ეტაპობრივად ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელ გზას გავწმინდავთ, _ განაცხადა გოგიტიძემ „გურიანიუსთან" საუბრის დროს.
ჯერჯერობით არ არის სრული ინფორმაცია თუ რა ზარალი, მიაყენა თოვლმა მოსახლეობის კერძო მეურნეობებს. თუმცა, ცალცკეულ ადგილებში დანგრეულია სამეურნეო ნაგებობები და დატეხილია მრავალწლიანი ნარგავების ბაღები.
სოფელ ჭახათში კი საცხოვრებელი სახლის სახურავის გაწმენდის დროს 21 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა, რომელიც ამ დროისათვის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.