რამდენიმე წუთის წინ "გურია ნიუსს" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრები ხათუნა ჯულაყიძე დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა:
_ ძალიან გთხოვთ, გვიშველეთ. მხოლოდ თქვენი იმედი მაქვს. 4 ბავშვი თოვლზე მიწევს და არ ვიცი ვის მივმართო. ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი ხანია დახმარებას ვთხოვ.
ვეხვეწებოდი, რომ კომისია გამოეშვათ და შეემოწმებინათ ავარიული სახლი, თუმცა არავინ დამეხმარა.
ახლა კი, სახლმა თოვლს და ქარს ვეღარ გაუძლო და ჩამოინგრა. სახლში ისე თოვს, როგორც გარეთ, _ გვითხრა ჯულაყიძემ.
"გურია ნიუსმა" აღნიშნულის საქმის კურსში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჩააყენა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მამალაძე თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ამ ოჯახს დახმარებას აუცილებლად გაუწევენ:
_ ჯულაყიძეების ოჯახს რამდენიმე სახის დახმარება აქვთ მიღებული. მათ შორის სახლის გადასახურად საჭირო თუნუქი, თუმცა, როგორც გაირკვა, ვერ მოახერხეს გაკეთება. უკვე ვესაუბრე მათ და ხვალ მოვძებნით დროებით თავშესაფარს მათთვის, _ გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ.
"გურია ნიუსი" მიმდინარე მოვლენებს თვალს მიადევნებს _ ჩვენ ჯულაყიძეების ოჯახთან სატელეფონო ხაზზე ვრჩებით.