მიუხედავად საქართველოსა და თურქეთს შორის შესაბამისი პროტოკოლის ხელმოწერისა და ზეპირი შეთანხმებისა, ქართული მხარის უმოქმედობის გამო ოშკის ტაძრის აღდგენის დაწყება ვერ ხერხდება.
ამ შინაარსის შემცველ სტატიას ბოლო დღეებში რამდენიმე ავტორიტეტული თურქული გამოცემა ერთდროულად აქვეყნებს.
სტატიებში აღნიშნულია, რომ შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში, გადაუდებელ გამაგრებით და აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს და ეს სამუშაოები იმ მემორანდუმის საფუძველზე უნდა მომხდარიყო, რომლის თანახმადაც საქართველოში რამდენიმე მეჩეთი უნდა აღდგენილიყო და ქართველ მუსლიმთა სასულიერო პირების არჩევა ახალი რეგულაციებით უნდა მომხდარიყო.
ერზრუმის კულტურისა და ტურიზმის სამართველოს მოადგილემ ჰასან მაზლუმოღლუმ, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, განაცხადა, რომ რესტავრაციის დასაწყებად თურქული მხრიდან ყველაფერი მზადაა და ახლა ქართული მხარის პასუხს ელოდებიან.
_ საჭიროა, რომ ქართულმა მხარემ თქვას: ჩვენც მზად ვართ, _ აღნიშნა მაზლუმოღლუმ.
მისივე თქმით, ოშკის აღდგენის დროს დაცული უნდა იყოს ავთენთური არქიტექტურა და რესტავრაცია დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.
_ თუმცა, ასეთივე სიფრთხილეა საჭირო ჩვენს მეჩეთებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და მათი აღდგენაც დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს, _ აცხადებს იგი.
ჰასან მაზლუმოღლუს ინფორმაციით, იმისათვის რომ საკითხი საბოლოოდ გაირკვეს, ისინი ანაკარაში საგარეო საქმეთა სამინისტროზე მიმართვას აპირებენ, რომ ოშკის რესტავრაცასთან დაკავშირებული საკითხები დიპლომატიურ დონეზე მოგვარდეს.
გამოყენებულია www.f5haber.com – ის, www.mistikalem.com – ისა და www.gazetepusula.net – ის ინფორმაციები