ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 6 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. საავტომობილო გზა გუშინ მეწყერმა წაიღო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლებს კედლებიც დაებზარა:
_ ადრეც იყო მეწყერი, თუმცა, თოვლმა და წვიმამ გუშინ საშიში მდგომარეობა შექმნა. ადგილობრივი ხელისუფლებაც იყო მოსული, გუბერნატორის მოადგილეც, გეოლოგებიც მოიყვანეს და გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ სახლები.
გუბერნატორის მოადგილემ, სოსო ერქომაიშვილმა გვითხრა, რომ დროებითი საცხოვრებელი მოვძებნოთ, გადავიდეთ და ქირას ადგილორბივი ხელისუფლება გადაიხდის.
უკვე ვალაგებთ ბარგს, მაგრამ არ ვიცით რა ვუყოთ საქონელს. დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე გზა არ არის. დროებით კი შევეკედლებით ახლობლებს, მაგრამ საქონელს, რომელიც ჩვენი ერთადერთი მარჩენალია არ ვიცით რა ვუყოთ და აქედან როგორ გავიყვანოთ, _ გვითხრეს დაზარალებულებმა.
მათივე თქმით, ბზარები ყოველ წამს მატულობს და შესაბამისად საფრთხეც დიდია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, ხელისუფლება მზადაა დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინოს:
_ ძალიან რთული მდგომარეობაა. შემიძლია კატასტროფა ვუწოდო. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა. დიდი ხანია იქ მეწყერია და დიდთოვლობამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.
ამ ადამიანებს თითქმის ერთი თვეა ვთხოვთ, რომ სახლები დატოვონ და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ. თავიანთი სურვილით შეუძლიათ ნებისმიერ ადგილზე ნახონ სახლი, რომლის ქირასაც ჩვენ გადავიხდით.
ხან კის ამბობენ, ხან არას და საბოლოოდ ისევ იქ არიან. გუშინაც ვიყავით მისულები, კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ გადასულიყვნენ, თუმცა არ მიდიან, ახლა ვერ დავტოვებთ სახლსო.
არადა, იქ გაჩერება სახიფათოა. თოვლი დნობას იწყებს და სიტუაციაც უფრო გართულდება. საკუთარ სიცხოცხლეს უქმნიან საფრთხეს.
იმის გამო, რომ სახლები არ დატოვეს, პოლიციის უფროსიც მოვიყვანეთ და ყველა მათგანს ხელწერილები დავაწერინეთ, რომ პასუხისმგებლობას თავად იღებენ, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა ექვსივე ოჯახს ტრანსპორტითაც დაემხაროს:
_ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუკი ტრანსპორტი დასჭირდებათ დავეხმარებით. უნდა მითხრან რა სჭირდებათ და მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ. იგივე შეთავაზება მათ სამაშველო სამსახურიდანაც მიიღეს. ჩვენს არცერთ მაცხოვრებელს არ დავტოვებთ უყურადღებოდ, _ გვითხრა ურუშაძემ.