საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა, გურიაში ასამდე მოქალაქე დაკითხეს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წინასწარი მონაცემებით კი საქართველოს მასშტაბით, კონტროლის პალატამ ახსნა-განმარტება სულ 227 მოქალაქეს ჩამოართვა, გურიის რეგიონში კი _ 72-ს. ხოლო 21 მოქალაქე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოწმის სტატუსით დაკითხეს. საია-ს ადვოკატების მომსახურებით 94-მა მათგანმა ისარგებლა.
აღნიშნული ორგანიზაციის იურისტის, ლელა ტალიურის განცხადებით, საია-მ ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია კონტროლის პალატიდან და კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
გურიაში მასობრივი დაკითხვების სერია 12 მარტს, ლანჩხუთში დაიწყო. ამავე დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 19 მოქალაქე იყო დაბარებული, თუმცა, ახსნა-განმარტების მისაცემად, მხოლოდ 6 მივიდა. აქედან ერთ-ერთი მათგანი “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ლილი ებრალიძე 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ლანჩხუთიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლეს და 13 მარტს 14 მოქალაქე დაკითხეს, აქედან რამდენიმე არც ერთი პარტიის წევრი არ იყო და არც არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან.
მასობრივი ეგზეკუცია ოზურგეთში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა _ ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს ოპოზიციური პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, აქტივისტებს თუ რიგით მოქალაქეებს.
“მეუბნებოდნენ, დაწერე, რომ ამის მეტ სამუშაოს პარტიის სასარგებლოდ აღარ შეასრულებო”, “წელს ზემოთ გამხადეს და ისე შემამოწმეს”, “მაიძულებდნენ, მეღიარებინა”, “არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია”, “მითხრეს, თუ გინდა, გადახტი მესამე სართულიდანო”, “მუქარასთან და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ჩხრეკის უმსგავს ფაქტებს აქვს ადგილი”, “ფეხსაცმელი და წინდებიც გამხადეს”, _ ეს ის ძირითადი მესიჯებია, რაც დაკითხვიდან გამოსული მოქალაქეებისაგან მოვისმინეთ.
_ რამდენი აიღე ხელწერების შეგროვებისთვის? გაზეთ “ქართულ ოცნებას” რომ არიგებ, ამისთვის რამდენ ლარს გიხდიან? რამდენი გადმოერიცხა პარტიას? რამდენია თქვენს მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიის წევრი? რამდენი ხელწერა შეაგროვეთ? ოპოზიციონერს კბილი უფასოდ ამოუღე? _ კონტროლის პალატის თანამშრომლების მიერ მოქალაქეებისთვის დასმული ეს კითხვები, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ბათუმის ფილიალის იურისტმა, გია ქარცივაძემ შეაგროვა. იგი, ძირითადად, გურიის რეგიონში იცავდა დასაკითხად დაბარებული მოქალაქეების ინტერესებს. შესაბამისად, ამ კითხვების ადრესატებიც გურიის რეგიონის მცხოვრებლები იყვნენ. ქარცივაძემ სულ 43 კითხვა შეაგროვა, საია-ს ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა კი ეს კითხვები პარლამენტარ პავლე კუბლაშვილს გადასცა.