"ქართული გაზეთის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ზვიად კვაჭანტირაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ რამდენიმე ათასი ლარის დავალიანება აქვს. გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ, თურქეთში, გენერალური კონსულობის ბოლო წელს, საკონსულოსთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გამოიყვანა ახალი ავტომობილი „მინივენი“.
სტატიის თანახმად, კვაჭანტირაძე ნასვამი მიუჯდა დაუზღვეველი ავტომობილის საჭეს, შეეჯახა ბოძს და ავტომობილი ისე დაიმტვრა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა.
გამოცემის წყაროს ცნობით გენერალურმა კონსულმა დამტვრეული მანქანა გადამალა და მომხდარის შესახებ არ აცნობა საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს. ფაქტი კი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ადგილზე ახალი კონსული ჩავიდა და ინვენტარიზაცია ჩატარდა.
გაზეთის ინფორმაციით საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი და კვაჭანტირაძეს ზიანის _ 80 ათასი ლარის ასანაზღაურებლად გარკვეული ვადა მისცეს, თუმცა მან თანხა არ გადაიხადა.
„ქართული გაზეთი“ საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი განჩინების ასლსაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლომ დაამტკიცა მორიგება მოსარჩელეს – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მოპასუხე ზვიად კვაჭანტირაძეს შორის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გავრცელებულ ინფორმაციასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციას ელოდება და საკითხს უპასუხოდ არ დატოვებს:
_ ვრცელ პასუხს ვამზადებ და როდესაც მზად მექნება ბრიფინგზე გავაჟღერებ. ძირითადად ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებია, _ გვითხრა კვაჭანტირაძემ.
ჯერჯერობით უცნობია როდის გააკეთებს უმრავლესობის ლიდერი განმარტებებს. კვაჭანტირაძის თქმით სხვადასხვა უწყებებიდან დოკუმენტაცია აქვს გამოთხოვილი და ბრიფინგს მას შემდეგ გამართავს, როცა დოკუმენტებს სრულად მიიღებს.