"საჯარო პოლიტიკით დაკავებული ადამიანი მუდმივად უნდა იყოს საზოგადოებასთან კონტაქტში, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, საზოგადოებას გავაცნო ჩემი მოსაზრებები, რომელიც სავარაუდოდ, მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს და ის სრულად აცდენილი იქნება რაიონის ინტერესებს". – ამბობს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე.
მისივე თქმით, 2016 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია ჩვენი ქვეყნის მომავლისა და განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით. მოსახლეობის მიერ გაკეთებულმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ოჯახის კეთილდღეობის პერსპექტივა. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს ექნება ძალზედ მნიშვნელოვანი და გააზრებული გადაწყვეტილება მისაღები.
"შედის თუ არა ჩვენს ინტერესში, ისევე გაგრძელდეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაცია და მეტიც, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, თუ უფრო გონივრულია, ლეგიტამიცია მივცეთ პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც სწორი და ეფექტური მართვის პირობებში, გამოიყვანენ ქვეყანას მძიმე მდგომარეობიდან და მოსახლეობას ოცნებიდან რეალურ კეთილდღეობაში აცხოვრებენ. ვიტოვებ იმედს, იმ არაორდინალური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგებში, რომელიც უკვე არც ისე შორსაა, რეალურად და სამართლიანად აისახება ხალხის განწყობები, ხოლო ილუზიას, ოცნებას და ყალბ დაპირებებს არ აჰყვება ამომრჩეველი. ამომრჩეველი, რომელიც "მეოთხე საოცნებო წელს" საოცრად შორს დგას ხელისუფლებისაგან, რომელიც უზრუნველყოფილი, გაზულუქებული სიმშვიდით უყურებს, თუ როგორ ტანჯვით ათენებენ და აღამებენ თანამოქალაქეები, რომლებსაც უკვე არც ძალა შესწევთ და და არც ფინანსები, გაუმკლავდნენ კრედიტებს, ვალებს, გადასახადებს და ა.შ. დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, იმდენად დაემსგავსა წინას, დარწმუნებული ვარ, ვერც იმ სტერეოტიპს გასცდება, რა კრიტერიუმითაც სააკაშვილის ხელისუფლება ირჩევდა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.
პირველი, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან დაახლოებული, ან მათ მიერვე დაფინანსებული, ე.წ. "წარმატებული" ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად ხელისუფლების დაფინანსებული პროექტებით ნასაზრდოები, ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ, საკუთარი ბიზნესის დასაცავად და მორჩილი უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტში, გასცემს ცრუ დაპირებებს, აგვიგებს ოცნების კოშკებს, შედეგად კი, ისევ მოსახლეობის გაღარიბების საფუძველზე, თავად გამდიდრდება. ყველასათვის ნათელია, ხელისუფლებამ ქვეყანაში ჩამოაყალიბა ისეთი გარემო, რომელიც მდიდარს კიდევ უფრო ამდიდრებს, ხოლო ღარიბს, მეტად აღარიბებს. ამ მიდგომით სახელმწიფოს, მითუმეტეს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება."– აცხადებს თემურ სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, მეორე მიმართულება, რომელიც შეიძლება განავითაროს ხელისუფლებამ, გახლავთ ის, რომ კიდევ მეტად გააძლიეროს კონტროლი სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, როგორც არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ასევე შემდგომ, ხელისუფლების შტოებზე მართვის თვალსაზრისით, ანუ ეცდება პარლამენტის დაკომპლექტება მოახერხოს სამართალდამცავი სისტემებიდან მოზიდული კადრებით, რომლებიც უშუალოდ იქნებიან მართული სუსის, კუდის და ა. შ. მიერ. ეს კატეგორიულად მიუღებელი და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით საშიში მოვლენა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დამღუპველი გზაა.
"ასეთი ქმედებების ნეგატიურმა და დანაშაულებრივმა შედეგებმა, ყოველ ჩვენგანს კარგად გვახსოვს, როგორ მიიყვანა ქვეყანა სისტემურ დანაშაულთან. მესამე მიმართულება, ეს არის, ხელისუფლებამ თავისი რესურსიდან წარმოუდგინოს საზოგადოებას ავტორიტეტული პოლიტიკური ფიგურა, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი ღირსებებით, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებას ასეთი რესურსი მწირზე მწირი ჰყავს. ამიტომ სახეზე გვექნება კიდევ ერთი თავსმოხვეული საკადრო პოლიტიკის მცდელობა, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევაში, მხოლოდ წარმომავლობით იქნება მიბმული ოზურგეთთან და არავითარი კავშირი არ ექნება ჩვენს რაიონში მიმდინარე პროცესებთან, პროცესებთან, რომლის პატიოსნად და ღირსებით გავლა დიდ პასუხისმგებლობას სძენს პოლიტიკოსს. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ვიღაცისთვის გათვლილი მხოლოდ კარიერისტული ნაბიჯი, რომელიც ჩვენი რაიონისთვის და მოსახლეობისთვის არაფრის მომცემი იქნება. ასეთი არჩევანი ჩვენი მოსახლეობის ინტერესში არ შედის!
ჩემო ძვირფასებო ! თქვენ დიდი ხანია უკვე დაიმსახურეთ და თქვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედის, საკუთარი გააზრებული არჩევანით შექმნათ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა და იცხოვროთ თავისუფალ, დემოკრატიულ, ძლიერ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, 2016 წლის არჩევნები იქნება ძალზედ არაორდინალური, რადგან ამ შემთხვევაში, არ იქნება მხოლოდ ორი, მკვეთრად განსხვავებული ძალა (პირობითად, თეთრი და შავი), არამედ იქნება ღირებულებითი, პოლიტიკური ორიენტაციის, მართველობის სტილისა და შეხედულებების არჩევანი. ამიტომ იქნება იგი გამორჩეული, განმსაზღვრელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის რეალური განვითარებისათვის. აქვე ავღვნიშნავ, ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად პროფესიისა, უფლება აქვს აქტიურად იყოს ჩართული ქვეყნის მშენებლობის პროცესში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობლები, გამოცდილება, და განსაზღვროს, სად იქნება ყველაზე მეტად ეფექტურად რეალიზებული თავისი ქვეყნისთვის. ასევე, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ლუსტრაციის თვალსაზრისითაც.ყველა ნათლად დაინახავს, საბოლოო ჯამში, ოზურგეთის დღევანდელ რეალობაში, ვინ ცხოვრობს ორმაგი სტანდარტით, ვინ იმართება სამართალდამცავი სტრუქტურებიდან და ვინ არის გულწრფელად მზად, იბრძოლოს თავისი ქვეყნის, თუნდაც რაიონის, კეთილდღეობისათვის. იმედი მაქვს, ამ რუბიკონს ერთობლივად წარმატებით გადავლახავთ!" – ამბობს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, თემურ სალუქვაძე.
R