ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა გრიპის ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
შეხვედრაზე ითქვა, რომ მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არაა, თუმცა შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია ყველა საბავშვო ბაღში გატარდეს პრევენციული ღონისძიებები.
შეხვედრას ესწრებოდა სადეზინფექციო ცენტრის "ჰიგია პლუსის" ხელმძღვანელი კახა კიკვაძეც, რომელთანაც სააღმზრდელო ცენტრმა მიმდინარე წლიდან ხელშეკრულება გააფორმა. სწორედ აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს ლანჩხუთის საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო საშუალებებით და გაუწევს ამ კუთხით ყველანაირ მომსახურებას.
ბაღების წარმომადგენლებს მითითება მიეცათ, რომ აღსაზრდელი, რომელსაც აღენიშნება გრიპის ნიშნები, არ დაიშვას საგანმანათლებლო დაწესებულებაში. კახა კიკვაძემ ისიც დასძინა, რომ ბავშვს, რომელსაც გრიპის ვირუსი ქონდა და გაიარა მკურნალობა, მოეთხოვოს ექიმის ცნობა, რომ სწორად დადგინდეს ვირუსის საინკუბაციო პერიოდი.
"საშიში ნამდვილად არაფერია, უბრალოდ სახელმწიფო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაცილებით იაფი ჯდება პრევენციული ღონისძიებების გატარება, ვიდრე შემდგომ ვირუსთან გამკლავება. ამიტომაც უმჯობესია წინასწარ ჩვენც მივიღოთ ზომები. ჩემი ცენტრი კი ყოველთვიურად მოგაწვდით საჭირო ოდენობის სადეზინფექციო საშუალებებს. თუ ერთ საბავშვო ბაღში ერთი და იგივე ვირუსი შვიდ ბავშვს აღმოაჩნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ იქ სრულ დეზინფექციას განვახორციელებთ", -განაცხადა ბატონმა სადეზინფექციო ცენტრის ხელმძღვანელმა.