ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, არჩევის დღიდან, დეპუტატები, ჟურნალისტები, მოქალაქეები მიკროფონის დამონტაჟებას ითხოვენ და სამართლიანადაც _ საკმაოდ დიდ დარბაზში, უკანა რიგებში ხმა თითქმის არასდროს ისმის. ხოლო ზოგიერთი დეპუტატის თუ საჯარო მოხელის ხმის ტემბრს თუ გავითვალისწინებთ, ვერც წინა რიგებში მსხდომნი გაიგონებენ რაიმეს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომას მიკროფონის აუცილებელი საჭიროება განსაკუთრებით დაეტყო, როცა გამგებლის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი თითქმის თავისთვის ლაპარაკობდა ორი საშტატო ერთეულის დამატების თაობაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე.
კონკრეტულ კითხვაზე, ბოლოს და ბოლოს, ეღირსება თუ არა ერთი მიკროფონი ოზურგეთის საკრებულოს დარბაზს, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ თქვა, რომ ეს საკითხი როგორმე მოგვარდება!