სოფელ ასკანის დეპუტატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ილია მამალაძე განსაკუთრებით აქტიური იყო საკრებულოს 22 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე. მან დეპუტატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა, 27 ინვარს სოფელ ასკანაში დაგეგმილ კრებას დასწრებოდნენ, სადაც მან ანგარიში უნდა წარადგინოს.
"მე მინდა გთხოვოთ, მოხვიდეთ იქ და ნახოთ, რას ითხოვს ხალხი. ამასთანავე ისინი უფრო დარწმუნდებიან, რომ მე პრობლემების შესახებ თქვენთან ვსაუბრობ და ვითხოვ დახმარებას, _ განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლის სტატუსის შესახებ მინდა გკითხოთ, რატომ არ ხერხდება ამ სტატუსის მინიჭება? სანამ ომალოსავით არ დარჩება ასკანა და მთისპირი ერთი ოჯახის ამარა, მოგვეშველეთ. იყო დაპირება, მაგრამ მაინც არ მოხვდა ეს სოფლები იმ 1600 დასახლებულ პუნქტს შორის, რომელსაც უკვე მიანიჭა მთავრობამ მაღალმთიანის სტატუსი… გთხოვთ, ხალხი იხვეწება, რომ მიეშველოთ სოფელს," _ ემოციურად ისაუბრა მამალაძემ და დასძინა, როცა სოფელში ამოხვალთ, კარგი ამბავი ამოიტანეთ, თორემ ხალხი თავისას ცოტა მწარედ გეტყვითო.
ასკანის დეპუტატმა ასევე საყედური გამოთქვა სოფელში გზის მშენებლობის დაგვიანების გამო.
"გურია ნიუსთან" საუბარში ილია მამალაძემ აღნიშნა, რომ "ასკანობის" დღესასწაულზე სოფელში მისული გურიის გუბერნატორი შეპირდა ადგილობრივ მკვიდრთ, რომ გზის მშენებლობა მალე დაიწყებოდა, მაგრამ დღემდე შედეგი არ არის.
" გამოყოფილია კიდეც 4 მილიონ 200 ათასი ლარი, მაგრამ გვეუბნებიან, ჯერ თანხა არ არის მოძიებული და ცარიელი შეპირება არ შველის ამ ხალხს. როცა წარმომადგენელი მე ვარ საკრებულოში, ხალხიც მე მთხოვს სოფელში პასუხს, "_ გვითხრა მან.