საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახი ცხადაძე ამბობს, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის კონფლიქტი არ არის:
„არავითარი კონფლიქტი ჩემსა და ფედერაციას შორის, მით უმეტეს, ლევან კობიაშვილთან არ არსებობს. მე მინისტრს დავუპირისპირდი. მოქმედი კონტრაქტი განხილვას არ ექვემდებარებოდა, სანამ მინისტრისგან ინიციატივები არ წამოვიდა.
მან გუშინ თქვენს ეთერში აღიარა, რომ ეს ინიციატივა სხვა ტელევიზიაში გააჟღერა. პირად საუბარშიც ძალიან უხეშად განმიცხადა, რომ არანაირი სურვილი არა აქვს, ეს თანხა გადაიხადოს“, _ აღნიშნა ცხადაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით, ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა დახვდა, რომელიც სპორტის სამინისტრომ უნდა გადაუწყვიტოს.
„მეჩვენება, რომ ინიციატორი არის მინისტრი. ის პირდაპირ თუ ირიბად არ უნდა ზემოქმედებდეს. ხეჩიკაშვილი კობიაშვილს ვერასოდეს დაურეკავს და პირდაპირ ვერ ეტყვის, რადგან ლევანს და მეც დიდი ავტორიტეტი გვაქვს. ამიტომ, ირიბად ერევა. მინისტრმა პირადად ჩემთან დამოკიდებულება უნდა გადადოს და ქვეყანას ანგარიში გაუწიოს.
ეს მისი ვალდებულებაა. ჩემი აზრით, ისეთ ქვეყანას, სადაც უამრავი ოლიმპიური ჩემპიონია, ჰყავს ბევრ საკითხში არაკომპეტენტური მინისტრი. ფედერაციას რომ ფინანსები არა აქვს, ეს მინისტრის მიდგომის გამოა. ამ ყველაფერზე ჩემი პასუხი ადეკვატური იყო. ჩემს გვერდით დგას მასმედია და რაც ყველაზე მთავარია, ეროვნული ნაკრები“, _ განაცხადა ცხადაძემ გადაცემაში სტუმრობისას.
რაც შეეხება ხელფასს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნეი ამბობს, რომ მისი ხელფასი 120 ათასი არ არის, ნაკლებია და მისი წინამორბედების ხელფასებთან შედარებით, 60%-ით შემცირებულია.
„ფედერაციას 25%-ის დაკლება, გუშინ, ოფიციალურად შევთავაზე. ნაკრების მწვრთნელები საკმაოდ დიდ ანაზღაურებებს იღებენ და ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამაზე მანიპულირება არ შეიძლება. ეს ყველაფერი გულშემატკივრის გასაღიზიანებლად კეთდება, რომელიც ჩემს მხარეზეა“, _ აღნიშნა ცხადაძემ.