გურიის სოფლების ნაწილი წუხელ მოსულმა თოვლმა, რომლის საფარი 20 სანტიმატერს არ აღემატება, ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ამ დროისთვის სრულად გამორთულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები _ ნატანები, შრომა, ლაითური, კონჭკათი, ლიხაური.
შუქი არ არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, ჩხაკაურა, ქვაბღა, დიდივანში, შუასურებში, ზემოსურებში, ქვემო და ზემო ერკეთში, ხიდისთავში.
პრობლემებია ლანჩხუთშიც. ამ წუთებში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ აკეთს, აცანას, მამათს, ჭანჭათს. უშუქოდაა სოფელ ნიგვზიანის ნაწილი.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით სპეციალური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ამ წუთებში დაზიანებებს ამოწმებენ.
კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ავთო დვალიშვილის ინფორმაციით, გურიის 55 000 აბონენტიდან, ამ დროისთვის ელექტროენერგია 5500 აბონენტს არ მიეწოდება.