წუხელ მოსულმა თოვლმა გურიაში პრობლემები უკვე შექმნა. სოფლების დიდი ნაწილი უშუქოდაა დარჩენილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა ამ დროისთვის გათბობის გარეშეა _ ამის მიზეზი კი ელექტროენერგიის გათიშვაა.
ხიდისთავის, ჯვარცხმის და შუაფარცხმის საჯარო სკოლების გათბობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის ინფორმაციით, სამივე სკოლაში საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა შემცირებულია:
_ ჩოხატაურში რამდენიმე სკოლის გათბობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. მათ შორის ჯვარცხმაში, ხიდისთავში, ზემოფარცხმაში, სადაც ამ დროისთვის შუქი არ არის. მე ვესაუბრე სკოლის დირექტორებს და როგორც მითხრეს, შუქი 1 საათის წინ გამორთო, შესაბამისად, სკოლებში ამ წუთებში არ ცივა.
ამ პირობებში 3-4 გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია. გაკვეთილის ხანგრძლივობაც შევამცირეთ. ენერგო პრო ჯორჯიაში მითხრეს, რომ აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება საღამოს აღდგება, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ საკმაოდ რთული დაზიანებაა _ განსაკუთრებით ხიდისთავში.
თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სასწავლო პროცესს შევაჩერებთ, განათლების სამინისტროს საქმის კურში ჩავაყენებთ და უქმე დღეებში ავანაზღაურებთ გაცდენილ საათებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.