ამ წუთებში გურიის გუბერნიაში, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს "ენერგო -პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე გივი ჯღარკავა და ენერგეტიკის მინისტრის მოადილე ილია ელოშვილი ხვდებიან.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გურიისა და აჭარის რეგიონებში, დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
შეზღუდვები შეეხება მხოლოდ გურიისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს.
აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პრობლემების აღმოფხვრის პროცესში ჩართულია ენერგო – პრო ჯორჯია.
" თუ დასაწყისში 5 500 აბონენტი იყო გამორთული, ახლა მათი რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი და მხოლოდ 1200 აბონენტს არ მიეწოდება ამ ეტაპზე შუქი." _ აღნიშნა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლება დააყენებს იმ საკითხებს, რომელიც ეხება ენერგეტიკას ოთხივე მუნიციპალიტეტში.
გუბერნატორმა შეხვედრის დასაწყისში ერთი შემთხვევაც გაიხსენა:
"წინა დიდთოვლობისას დაემთხვა ახალი წელი, მოსახლეობას არ აინტერესებს ცუდი ამინდი , მას შუქი უნდა. იყო ისეთი შემთხვევაც, რომ დაურეკეს საკრებულოს თავმჯდომარეს ოზურგეთში და უთხრეს, ისე დაგეფსოს და დაგიბნელდეს თვალები, როგორც ჩვენთან არის დაბნელებულიო. ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურეთიერთობაა და მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობისათვის"_ აღნიშნა სალუქვაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ "დიდთოვლობის შედეგად მოხდა აბონენტების გათიშვა, აჭარასა და გურიაში დაახლოებით 10 000 აბონენტია გათიშული, მიმდინარეობს სრული მობილიზაცია, ყველა დაზიანებულ უბანზე მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს სწრაფად აღდება."
ელოშვილის თქმით, ამინდის ყველა გაუარესებასთან დაკავშირებით შუქი ნამდვილად არ ითიშება.
"ეს ხდება ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა სტიქიაა, დიდი თოვლია, როდესაც სახურავს ახდის და ხეს მოგლეჯს გრიგალი, მაშინ არ არსებობს ქსელი, რომელიც არ დაზიანდება. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ქსელი არ არის მიწაში, არამედ სოფლებშია გაშლილი, ამიტომ დიდთოვლობის დროს ის აუცილებლად გაითიშება და იქნება დაზიანებები. გეთანხმებით იმაში, რომ ქსელი მძიმე მდგომაროებაშია. ჩვენი ამოცანაა, ის რომ მივყვეთ ნაბიჯ -ნაბიჯ , ისე რომ მომხმარებელზე არ იქონიოს გავლენა, სტიქია ყოველთვის გამოიწვევს ასეთ პრობლემებს."_განაცხადა ელოშვილმა.































































