თოვლის საფარმა ბათუმში ნახევარ მეტრს მიაღწია. ამ დროისათვის ქალაქი პარალიზებულია და ტრანსპორტი ქუჩებში არ დადის. გაწმენდილი მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური ქუჩაა, რომლებიც შესაბამისმა სამსახურებმა ღამით გაწმინდეს. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ფაქტიურად შეწყვეტილია სასწავლო პროცესი სკოლებში. დახურულია საბავშვო ბაგა-ბაღებიც. ძალიან ბევრმა ადამიანმა სამსახურამდე მისვლაც ვერ შეძლო.
შეწყვეტილია საგარეუბნო მოძრაობა ბათუმიდან ოზურგეთისა და მაღალმთიანი სოფლების მიმართულებითაც. დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი გზების დიდი ნაწილი გაუწმენდავი და ჩაკეტილია.
ამ დროისათვის თოვა გრძელდება და მთავრობა საგანგებო თათბირის გამართვას აპირებს.
































































