ჩვენს კარმიდამოში, ბაღჩა-ბაღებში, ზამთრის პერიოდიდან განსაკუთრებით უნდა დავიწყოთ საშიში მავნებელი მწერის _ მახრის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც თითქმის ყველანაირი ტიპის ნიადაგში ყველგან გვხვდება.
გურიაში არსებული ტენიანი ნიადაგი მას განსაკუთრებით მოსწონს. ის მიწაში ყველგან აკეთებს ხვრელებს და ასე გადაადგილდება. თუ ნიადაგს ბარვის დროს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მიწა დასვრეტილია. ეს კი გვამცნობს, რომ მახრა იქვეა. ბარვის დროს ადვილად შევამჩნევთ ხვრელებსაც. სწორედ ამ ხვრელებში ცხოვრობს ის და მოძრაობისას თუ ხვრელების კეთებისას, პირწმინდად ჭრის და ანადგურებს ნებისმიერი ბოსტნეული მცენარის ფესვებს, ძირხვენებსა თუ ბოლქვებს ჭამს. იგი ვერ ერევა ზრდასრულ მცენარეს. ამიტომ, მახრა განსაკუთრებით აქტიურად ანადგურებს თესლებსა და ჩითილებს.
როგორც კი ოდნავ დათბება, მახრა ამოძვრება მიწის ზედაპირზე, მანამდე კი დიდებიც და პატარებიც ნიადაგში იზამთრებენ. ამ დროს ბარვის პერიოდიც დაწყებულია და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ თითოეული მახრა მოვსპოთ. ხალხური მეთოდია და გამართლებულიც, პატარა ორმოებში ცხენის ნაკელის ჩაყრა, სადაც მახრები ზამთარში აუცილებლად თავს მოიყრიან, შემდეგ კი უნდა გავანადგუროთ. ისე კი აუცილებლად უნდა მივმართოთ ვეტაფთიაქებს, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს, სადაც გირჩევენ, რომელი პრეპარატი იხმაროთ მავნებლის გასანადგურებლად. ეს კი ახლავე უნდა გააკეთოთ და შეწამლოთ გადაბარული ნიადაგი, რომ მერე გაზაფხულზე მახრამ თავად არ გაანადგუროს ჩვენს ბოსტნებში თესლი თუ ჩითილები.
საყურადღებოა ერთი გარემოებაც _ ზოგი მახრის მსგავს მავნებლად მიიჩნევს თხუნელას (ფუღუსაც ეძახიან) და ამის შესახებ არაერთხელ უკითხავთ ჩვენთვის. ისიც ბაღ-ბოსტნებში ბინადრობს და ხშირად გვინახავს მის მიერ გადათხრილი და ზემოთ ამოყრილი მიწის პატარა გორები. თუმცა, ის ნაკლებად მავნებელია; პირიქით _ ანადგურებს მატლებს, ხოჭოებს, ჭიებს და ამით დახმარებასაც კი უწევს მეურნეს, არის სასარგებლო ცხოველი; არ მიირთმევს მცენარეულ საკვებს. უბრალოდ, მიწაში ცხოვრობს და როცა გზას აკეთებს, შესაძლოა, ამ დროს გადაღრღნას ფესვები. ამიტომ ნუ მოკლავთ თხუნელას, ბაღჩა-ბაღებში ვებრძოლოთ მახრას!