ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანებში მცხოვრები ავთანდილ მახარაძე მოკლე ნარდში საქართველოს ჩემპიონი გახდა. გურიის ნარდის ფედერაციის პრეზიდენტის, თამაზ სალუქვაძის თქმით, ეს წარმატება ფედერაციისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
"მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხანია, რაც გურიის ნარდის ფედერაცია არსებობს და უკვე პირველი წარმატება საქართველოს მასშტაბით გვაქვს. ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდებოდა, მანამდე გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩავატარეთ ნარდის ჩემპიონატი, გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებიც დავაჯილდოვეთ დიპლომებით, ფულადი და ფასიანი საჩუქრებით. ასევე ცალკე ჩატარდა გურიის ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებული ავთანდილ მახარაძე იყო." – გვითხრა თამაზ სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ნარდის საქართველოს ჩემპიონატში საქართველოს რეგიონებიდან 256 ადამიანი მონაწილეობდა აქედან 14 გურიიდან იყო.
საქართველოს ჩემპიონს შეხვდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. ავთანდილ მახარაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა და საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
"ამ ხნის კაცი ვარ და უშრომლად ერთი დღეც არ მიცხოვრია. მუდამ ვშრომობ, მაგრამ ნარდისთვის მაინც ვიცლი. ძალიან მიხარია, რომ ამ სიბერეში მოვიპოვე საქართველოს ჩემპიონის ტიტული."– თქვა ავთანდილ მახარაძემ.