სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თქმით, მსოფლიო მართლმადიდებელთა საეკლესიო კრება ივნისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ჟენევაში, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრაზე მიიღეს.
უწმინდესის თქმით, 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიიდან ერთს – ამერიკის ეკლესიას – ყველა ეკლესია არ აღიარებს, როგორც ავტოკეფალურს. დარჩენილი თოთხმეტიდან კი შეკრებას არ ესწრებოდნენ ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი.
"ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები, კამათი და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა. მათ გადაწყვიტეს, რომ ივნისში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება და განიხილება ზოგიერთი საკითხი. ის საკითხები, რომელიც იწვევს განსხვავებულ აზროვნებას, მიდგომას, არ იქნება განხილული, მაგალითად, კალენდარი. ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი _ ახალზე, მაგრამ ეს არ არის დოგმატი. ჩვენ როგორც ვიყავით ძველ სტილზე, ისე დავრჩებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლობის ერთგული აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისაგან და მომავალშიც ჩვენი ეკლესია დარჩება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე", – განაცხადა პატრიარქმა.