მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა და 2016-20 წლებში პროგრამა 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.
"გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ 4 თებერვალი არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული დღე – გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას 26 წელია ელოდა, დღეს კი ეს გადაწყვეტილი ამბავია.
მადლობა სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ფეხბურთის განვითარების ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა. ასევე, მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტს დეტალურად გაეცნენ და დაამტკიცეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს გარანტირებული ექნება მთავრობის თანადგომა და მისი განვითარების პროგრამას 265 მილიონი ლარით დააფინანსებს", – თქვა მინისტრმა და ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებაზეც ილაპარაკა:
"ამ ჩანაფიქრის მიხედვით, თანხები არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ დანარჩენი ლიგების კლუბებზეც გადანაწილდება. უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მიექცევა, მომავალი მოთამაშეების გაზრდაზე კი კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.
პროგრამის განხორციელების მიზანია, ფეხბურთი განვითარდეს და ასევე, წავახალისოთ კერძო სექტორი, რათა ფეხბურთით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული და ყველა მიიღებს სარგებელს.
პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმება უკვე მოხდა, პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში აპირებს. პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედდება. ხუთწლიანი პერიოდის ათვლა წლეულს დაიწყება".
საქართველოს მთავრობის მიერ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილ 265 მილიონ ლარზე კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც გააკეთა:
"მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და დამტკიცებისთვის! ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ეს პროექტი 26 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და მისი დამტკიცება მართლაც დიდი საქმეა.
მე და ჩემი გუნდის წევრები ბედნიერები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი მოიწონეს და მიიღეს. მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის. იმავეს ვამბობ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს გვერდში უდგას.
უმოკლეს დროში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ. ამ პროექტის მეშვეობით, განვითარების საშუალება ეძლევათ მუნიციპალურ კლუბებს. გვინდა, რომ ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ და კლუბები კერძო მფლობელობაში გადავიდნენ".
GFF.GE