4 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 64 საოლქო საარჩევნო კომისიის 182 წევრი აირჩია. საოლქო საარჩევნო კომისიების ხელახალი დაკომპლექტება, წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლამ განაპირობა. არჩევის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
ცესკო მიესალმება საოლქო საარჩევნო კომისიების განახლებულ შემადგენლობას და უსურვებს მათ წარმატებულ საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში.
ცესკო, ასევე მადლობას უხდის საოლქო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, საარჩევნო პროცესების წარმართვაში შეტანილი წვლილისა და გაწეული საქმიანობისთვის.
2016, 2017 და 2018 წლების საპარლამენტო, თვითმმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, ცესკო გააძლიერებს და განავითარებს არჩევნების ხელშემწყობ საქმიანობებს, მათ შორისაა: ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება, ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო პროგრამები, ჩართული მხარეებისთვის საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის სასწავლო პროექტების განხორციელება. ცესკო მიესალმება კვალიფიციური პირების აღნიშნულ საქმიანობებში მონაწილეობას.
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ეფუძნება კანონის პატივისცემას, პროფესიონალიზმს, საარჩევნო პროცესების საერთაშორისო სტანდარტების და პრინციპების შესაბამისად განხორციელებას. დარწმუნებულები ვართ, რომ საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.