ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ ავთანდილ ცინარიძის უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა გასულ წელს დახმარებას არაერთხელ შეჰპირდა, თუმცა, როგორც გასული წლის ბოლოს უთხრეს, ბიუჯეტში თანხა აღარ იყო და 2016 წლის დასაწყისში აუცილებლად დაეხმარებოდნენ. ცინარიძეების ერთოთახიანი სახლის დაბრეცილი კედლები ცელოფანითაა შემოკრული, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ქარისგან და სიცივისგან დაიცვან. ამის შესახებ "გურია ნიუსი" გასული წლის ბოლოს წერდა.
"წლის ბოლოა და ახლა არაფერი გვაქვს. მომავალი წლის იანვრიდან კი მათზე ვიზრუნებთ"_ გვითხრა მაშინ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ. შეპირებისამებრ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიკითხეთ ცინარიძეების ოჯახის დახმარების შესახებ.
"მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს უკვე ჩასმული ჰყავს ცინარიძეების ოჯახი დახმარების სიაში. დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ვერ გეტყვით, რომ ეს დღესვე გაკეთდება, თუმცა ამ კვარტალში აუცილებლად გაეწევა დახმარება და გაზაფხულს იქეთ ეს საქმე არ გადაიწევს, "_ გვითხრა გობრონიძემ.
იმედია, ისევ დროში არ გაიწელება ცინარიძეებისთვის გამიზნული დახმარება, რადგან ოჯახი ყოველ გაავდრებას შიშით უყურებს, პატარა ფიქრია კი მხოლოდ მზიან ამინდში გამოდის გარეთ, წვიმის დროს კი ერთნაირად ეშინია როგორც გარეთ, ისე შინ ყოფნა, რადგან სახლს ძველი და დაშლილი სახურავი წვიმისგნ ვერ იცავს და წყალი ყველა მხრიდან ჩადის.