მილიონობით თხილის მწარმოებელი თურქეთში პანიკამ მოიცვა, რადგანაც თხილის საბითუმო ფასი დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა. თუკი რამდენიმე დღის წინ კილოგრამი თხილის ფასი 13 ლირამდე იყო, დღეისათვის დაახლოებით 8 ლირიდან 9 ლირამდე მერყეობს (ერთი თურქული ლირა უდრის დაახლოებით 0,80 თეთრს).
ფასები თხილზე ძალიან არაპგნოზირებადი გახდა. იგი თითქმის ყოველდღე იცვლება და იაფდება. ეკონომიკის ექსპერტებს პროგნოზების კეთება უჭირთ. "არ ვიცი, მაგრამ რაღაც გამოსავალი უნდა ვნახოთ. აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ამ საკითხში. კილოგრამი თხილი გუშინ ათი ლირა ღირდა, დღეს 9 ლირამდე დავარდა ფასი. ბაზარი არასტაბილური გახდა და სიტუაცია დღითიდღე ირევა. – ეს განცხადება თურქულ ინტერნეტგამოცემა www.tgrthaber.com.tr -თან თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის მრჩეველთა საბჭოს წევრმა არსლან სიოდანმა შაბათს გააკეთა, კვირას კი თხილის ფასი კვლავ დაეცა.
სოიდანის განცხადებით, ყოველივე ეს თხილის მწარმოებლებზე უარყოფით გავლენას მოახდენს და მათ შორის პანიკას გამოიწვევს. თხილის თავისუფალ ბაზარზე მწარმოებელი მსხვერპლი ხდება და ამ ბაზრის რეგულაცია უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი წარმოება შემცირდება. ყოველივე ეს კი ქვეყნის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, რადგანაც თურქეთში ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
თხილის ფასებთან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზებს ავრცელებს გამომცემლობა www.mustilife.com -ი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით წერს, რომ თხილზე ფასების ვარდნა სავალუტო კურსის ცვლილებამ გამოიწვია და ეს დროებით ხასიათს ატარებს. ფასი უახლოეს დღეებში კვლავ აიწევს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
" სავარაუდოდ, თხილის ფასი კვლავ ძველ ნიშნულს დაახლოებით 13 -24 ლირას დაუბრუნდება. გასულ წელს არსებული მაღალი ფასი კი, რომელიც მოუსავლიანობით იყო გამოწვეული შესაძლოა წელს არ იყო. თუმცა, 14 ლირა ერთი კილოგრამი თხილისათვის მისაღები ფასია." – წერს გამოცემა სოფლის მეურნეობის თურქ ექსპერტებზე დაყრდნობით.
თუმცა, ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე არ არიან თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონების მცხოვრებლები, რომლებიც ქვეყანაში თხილის მთავარ მწარმოებლად ითვლებიან. გირესუნში, რიზეში, ორდუში და ტრაპზონში მოსახლეობა შეშფოთებას გამოხატავს და მედიასაშუალებები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა სოციალური დაძაბულობა გაჩნდეს. მსგავს ფაქტს უკვე ჰქონდა ადგილი, როცა ტრაპზონში მდებარე იტალიური კომპანია "ფერეროს" ქარხანაში ფერმერებმა შავი თაიგულები მიიტანეს.
თხილზე ფასების დაცემას ამ სფეროს მონოპოლიზებას უკავშირებს გამოცემა www.hurriyet.com.tr-ი, რომელიც თხილის მწარმოებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თხილზე ფასების ზრდა ამ სფეროში არსებულ მონოპოლიას უკავშირდება და ამიტომ მთავრობის წარმომადგენლებს მწარმოებლები უნდობლობას უცხადებენ. იგულისხმება ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც ფასის ვარდნა მოთხოვნა მიწოდების ფაქტორებზე დაყრდნობით ახსნა. თუმცა, დაავიწყდა, რომ მოთხოვნა არ შემცირებულა, თხილის მარაგი კი შემცირდა.
თხილზე ფასები დაეცა საქართველოშიც, სადაც დასავლეთის რეგიონების მცხოვრებლებისათვის ის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა და სოციალური სტაბილიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მოსახლეობა შენახული მარაგების გაყიდვით საარსებო სახსრებს მოიპოვებს.
დღეის მდგომარეობით ერთი კილოგრამი თხილი (გულშიშველა) 3 ლარი, "ბერძნულა" კი 4 ლარი ღირს. მოსახლეობა ამის გამო უკმაყოფილოა.
თამარ საბაშვილი: "ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ თხილის ფასის ვარდნის გამო. სახლში ბევრი რამ გვქონდა დაგეგმილი და ახლა რაიქნება, კაცმა არ იცის. ტელევიზიით მოვისმინეთ, რომ იქნება გამოსვლებიო და გამოვალთ, ვიტყვი ჩვენს სათქმელს. ზუსტად ვერ გეტყვით რამ განაპირობა ასე უცებ ფასის დაცემა, ეს უფრო მაფიოზებს ეცოდინებათ. ერთი ნამდვილად ვიცით და ყველა ხედავს, რომ ეს ბოლო დღეებია კატასტროფულად დაეცა თხილის ფასი."
მაყვალა სიხარულიძე: "მე პირადად არ მიჭირს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი დალხინებულად ცხოვრობს. ხალხს პურის ფული არ აქვს და ახლა, რომ თხილის ფასის დაცემა მოხდა, არ ვიცი, რა იქნება. გურიაში თხილი ერთ-ერთი შემოსავალია და იმასაც თუ არ ექნება ფასი, მაშინ როგორ უნდა მოხდეს ადამიანების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესობა?! მთავრობა იქნება თუ მაფია, ხალხს უნდა მისცენ არსებობის საშუალება. ყველას ვთხოვთ, რომ ეს საკითხი კარგად შეისწავლონ. ტელევიზორი აკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებით, ხალხზე ვფიქრობთ და ხალხის კეთილდღეობაზე ვართ ორიენტირებულიო, სად ჩანს ეს ზრუნვა?"
ლილი სალუქვაძე:"ყველაფერზე იმატებს ფასები და თხილის ფასი კი ეცემა. ეს რაც ხდება, ნებისმიერი გლეხისთვის კატასტროფა. ახლა ჩამოვედი, ჩამოვიტანე ორი კილოგრამი თხილი და იქნებ მითხრათ, 6 ლარით რა წავიღო სახლში?! ძალიან მძიმე მდგომარეობაა."
მანანა შოშიტაშვილი: "თხილი მქონდა და ადრე ჩავაბარე. ერთ კილოგრამში 6 ლარი და 50 თეთრი გადამიხადეს. ახლა, როგორც გავიგე, არ ჩამოაქვს ხალხს თხილი ჩასაბარებლად, იმიტომ, რომ ფასი დაეცა. მაინტერესებს, ეს ფასის ვარდნა ხომ არ იქონიებს გავლენას ახალი თხილის ფასზე? რადგან ახლა აღარ გაყიდიან თხილს და ახალ მოსავალს დაელოდებიან. ამ ხალხის ერთადერთი იმედი თხილია და მასაც თუ არ ექნება ფასი, აბა როგორ უნდა გაიტანოს ხალხმა თავი?"
მინდია ურუშაძე: "ჩამოვიტანე და წავიღე, არ ვიცი ასე სანამდე გაგრძელდება. ეს ბოლო დღეებია 3 ლარი ღირს თხილი და გვეუბნებიან კიდევ თხილის მიმღებ პუნქტებში, რომ შესაძლებელია კიდევ დაეცეს თხილის ფასი."
მოიმატებს თუ არა უახლოეს ხანებში თხილის ფასი საქართველოში, სადაც ბოლო წლებში ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, რომ თხილის პლანტაციების რაოდენობა გაზარდონ? ფასის ზრდა დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. თურქეთში აცხადებენ, რომ ფასი მალე კვლავ აიწევს, საქართველოში კი უიმედო პროგნოზს აკეთებენ.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ თხილის ფასის მომატება უახლოეს დღეებში არ მოხდება.
"როგორც მოგეხსენებათ, თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიოს ბაზარზე თურქეთი. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია თხილის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება ჩვენთანაც, საქართველოში. "გულშიშველა იმიტომ ღირს 3 ლარი,რომ მისი ხარისხი არ ვარგა, რაც შეეხება "ბერძნულას," ამ წუთებში მისი ფასი 5 ლარი და 40 თეთრია. ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის შრობა. ცუდი შრობიდან გამომდინარე "გულშიშველას" გამოსავლიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ამიტომ მისი ფასიც დაბალია." – გვითხრა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისივე თქმით, როდესაც თხილის ფასი 7 ლარზე იყო, მაშინ მოსახლეობამ არ ჩააბარა.
"ადამიანის ბუნება ასეთია, როცა იყო 7 ლარი, არ გაყიდა მაშინ თხილი. ახლა დაიწია თხილის ფასმა და წუწუნებს ყველა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ თურქეთში კარგი მოსავალი იყო და ასევე კარგი მოსავალი იყო საქართველოშიც. ვერ გამიგია, რაზე ამყარებს იმედს ხალხი და რატომ ჰგონიათ, რომ თხილის ფასი მოიმატებს მუდმივად?" – თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ალექსანდრე მოწერელიამ.
"ბიზნეს კურიერში" კი თხილის ფასის დაცემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თხილის ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა. მთავრობის მონაწილეობა ფასის განსაზღვრაში არის მინიმალური, ფაქტიურად ნულს უტოლდება. თურქეთი არის ერთ-ერთი მოთამაშე თხილის ბაზარზე მსოფლიოში და დიდწილად არის დამოკიდებული მის წარმოებებზე, მასშტაბებზე და ა.შ. თუ რა ფასი ექნება თხილს საერთაშორისო ბაზარზე." – ამბობს კერესელიძე.
მსოფლიოში თხილის მწარმოებელ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს თურქეთი იკავებს, სადაც ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათას ტონამდე თხილი მოჰყავთ. თურქეთს იტალია, საქართველო და აზერბაიჯანი მოსდევს.
საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზრდის წარმოების ტემპებს და გასულ წელს ბევრმა ექსპერტმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე ჩვენი ქვეყანა შესაძლოა, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდეს თხილის წარმოების მასშტაბებით. თხილის პლანტაციების უმრავლესობა სამეგრელოში, გურიაში და ქობულეთის რაიონშია თავმოყრილი.