უკვე ორი წელია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესში” ფუნქციონირებს სახელოვნებო წრე, სადაც ტიხრულ მინანქარზე მუშაობასაც ასწავლიან. როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, ზაზა ცინცაძემ გვითხრა, ეს ძალიან შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმეა.
_ რამდენად დიდია ამ სერვისის მიმართ დაინტერესება? მოსწავლეთა ასაკი თუ არის შეზღუდული?
_ ასაკი შეუზღუდავია. დაინტერესებაც საკმაოდ დიდია. 2010 წლის ოქტომბრის თვეში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. პროექტს ჰყავს სამი დამფინანსებელი. ამ პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდობის პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენით მათი თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, მინანქრის სახელოვნებო წრის შექმნითა და ფუნქციონირებით ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობის მიღწევა და აღნიშნული დარგის პოპულარიზაცია. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს შეადგენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა 14-დან 35 წლამდე. მოეწყო გარემო, სადაც უნდა ესწავლათ ბავშვებს და დამზადებულიყო ნაკეთობები. შევიძინეთ მინანქრის ნაკეთობების დამზადებისთვის საჭირო ინვენტარი: მინანქრის ღუმელი, ბორ მანქანა, ფუსფუსა, სხვადასხვა სახის მასალები. პედაგოგის მიერ შემუშავდა სასწავლო განრიგი, სწავლების მოდული და ჩამოყალიბდება ჯგუფები. მოდულის შინაარსია მინანქრის ისტორია, ხატვითი სამუშაოები, სხვადასხვა ფორმისა და კომპოზიციების შექმნა, უსაფრთხოების წესების გაცნობა, ღუმელის მუშაობის პრინციპების შესწავლა, ბორმანქანის მუშაობის პრინციპები, შესაბამისი მოწყობილობების მორგება-გამოყენება, ფუსფუსას მუშაობის გამართვა და გამოყენება, ფორმების დამუშავება, ტიხრების კომპოზიციების შესწავლა, მისი ფორმაში ჩასმა, ფერების კლასიფიკაცია და ჩასმა ტიხრებში, ნაკეთობის გამოწვის პროცესი, მისი საბოლოოდ დამუშავება და გასუფთავება.
_ რამდენმა მოსწავლემ შეისწავლა ნაკეთობების დამზადება და რა ღირს სწავლება?
_ მინანქრის ნაკეთობების დამზადება შეისწავლა 18 ახალგაზრდამ უფასოდ. მათ შორის იყო 5 სოციალურად დაუცველი პირი. ერთი ადამიანი ადგილზე დავასაქმეთ. 5 მოსწავლის საფასური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა გადახდილი. დღეს კურსის გავლა 200 ლარი ღირს. სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს შეღავათები.
_ სად ხდება ნაკეთობების რეალიზაცია?
_ ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე, საკათედრო ტაძრებში.
_ გყავდათ გამორჩეული მოსწავლეები და თუ გაჰყვნენ ამ პროფესიას?
_ დიახ. რამდენიმე მათგანი ძალიან საინტერესოდ მუშაობდა. გეგმავდნენ ტექნიკის გაძლიერებას და მცირე ბიზნესის წამოწყებას. დღესაც აქტუალურია ეს პროექტი. ვერცხლზე ვართ ორიენტირებული. მისგან მზადდება ჯვრები, საყურეები, ბეჭდები.
ცინცაძის თქმით, მოსწავლეების ახალი ნაკადი ჯერ არ მოუღიათ. “პროგრესის” ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, უამინდობის ბრალი იყოს და იმედოვნებს, რომ ჩოხატაურში ამ პროფესიით ბევრი ადამიანი დაინტერესდება.