ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვალს, #175 განკარგულებით გამოიყო 1 900 000 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარის, გელა კობალაძის თქმით, აღნიშნული თანხა მიიმართება ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების სავალი ნაწილის მოასფალტების სამუშაოების განსახორციელებლად.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, მარიკა ნაცვალაძის თქმით, გამოყოფილი თანხით ქალაქის 10 ქუჩის მოასფალტება არის დაგეგმილი.
დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი დაინტერესდა, ხომ არ მოხდება ამ ქუჩების ორად გაყოფა, როგორც მოხდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.
" ჭავჭავაძის ქუჩაზე რაც გაკეთდა, ეს არის საფრთხის შემცველი. იმედია, ეს არ განმეორდება იმ ქუჩებზე, სადაც ასფალტი უნდა დაიგოს. კომუნისტებს ბევრი ფული ჰქონდათ, მათ არ გაუყვიათ ორ ნაწილად ჭავჭავაძის ქუჩა და ახლა რა საჭირო იყო ეს, არ მესმის?!" – თქვა გოჩა ძიმისტარაშვილმა.
საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძე დეპუტატის გასაგონად განმარტავს, რომ ეს არ იგეგმება.
"მინდა გითხრათ, რომ უნდა დაიგოს ასფალტი და ამისთვის იქნა ეს თანხა გადმორიცხული." – უპასუხა გოჩა ძიმისტარაშვილს გელა კობალაძემ.
დეპუტატი ლევან თოიძე მიიჩნევს, რომ ის რაც გაკეთდა ჭავჭავაძის ქუჩაზე, არ შეიცავს საფრთხეს.
"ეს უსაფრთხოებისთვის არის ნამდვილად გაკეთებული და არა საფრთხისთვის," – თქვა ლევან თოიძემ.
მცირედი პოლემიკის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ამ ცვლილებას მხარი დაუჭირეს.