ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მისი ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა ან ძალადობა დასჯადი ხდება – სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილბების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე დაიწყო.
სიახლე კანონდამრღვევი პირისთვის ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონპროექტი ადვოკატებთან ერთად, ეხება პროკურორებსა და გამომძიებლებსაც. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, არსებულ მუხლებს, შესაძლოა, გაეროს შესაბამისი სტანდარტებიც დაემატოს.
"შესაძლებელია, ამ მუხლებს გარკვეული მაკვალიფიცირებელი გარემოებები დაემატოს, რაც გაეროს სტანდარტებით არის – ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლაც, როგორც დასჯადი ქმედება. ცვლილება, რომელიც ადვოკატებმა შემოგვთავაზეს, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იდეაა", _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ადვოკატთა საქმიანობის დაცულობის გაზრდის აუცილებლობა, ბოლო პერიოდში, ადვოკატების ცემის არაერთი ფაქტის გამოუძიებლობის გამო დადგა.
"სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა მე გავხდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 111 ადვოკატი იყო ციხეში, შემდეგ ეს რიცხვი 150-მდე გაიზარდა. ჩვენ როდესაც ადვოკატთა უფლებებისთვის ბრძოლა დავიწყეთ, 2010 წელს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და ევროპის ადვოკატთა ობსერვატორია ჩამოვიყვანეთ თბილისში, რომლებმაც კვლევის შემდეგ დადეს სკანდალური დასკვნა, რომ საადვოკატო საქმიანობა საქართველოში რისკის სფერო იყო და აუცილებლად საჭიროებდა ადვოკატი მეტ დაცვას.
2011 წლიდან ვიბრძვი, რომ ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილიყო. ეს არის გაეროს პრინციპი ადვოკატთა როლის შესახებ რომელიც 1990 წელს მიიღეს. ამ პრინციპით, მთელი ცივილიზებული სამყარო ურთიერთობს ადვოკატებთან. აქ მითითებულია, რომ ადვოკატებმა თავისი უფლებამოსილების განხორციელება უნდა შეძლონ ჩარევის, შიშისა და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ნორმალურმა სახელმწიფოებმა 1990 წლიდანვე მიიღეს სპეციალური ნორმები, რომ ადვოკატის ოჯახის წევრისთვის, ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის გამო, 1-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გარანტირებული", _ ამბობს ხატიაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში პროკურორი და ადვოკატი მხარეები არიან. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი კი ადგენს, რომ მხარეებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, რაც დღეს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული არ არის.
"თუ პროკურორს ან გამომძიებელს ხელს შევუშლით საქმიანობაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ადვოკატს სცემ, ჩაარტყამ თუ მიაფურთხებ, ადმინისტრაციული ჯარიმაა, როგორც ბოლო პრაქტიკამ დაადასტურა.
2014 წელს, როდესაც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი მარია სლაზაკი იყო ჩამოსული საქართველოში, ეს საკითხი გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას დააყენა. პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ პარლამენტში ყოფნისას გააჟღერა, რომ საადვოკატო საქმიანობა დაცული უნდა იყოსო. აქედან გამომდინარე, ყველა ეს საკითხი, რისთვისაც 5 წელი ვიბრძოდით, დაგვირგვინდა ევროპის საბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილებით, სადაც ჩაწერეს, რომ ადვოკატების მიმართ ძალადობრივი მეთოდებით გასწორება ხდება საქართველოში. ამ ომმა მოიტანა ის, რომ დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, დავაყენეთ საკანონმდებლო წინადადება. პარლამენტი კი აპირებს, საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას. უკვე მოძებნილია 7 განვითარებული ქვეყნის პრაქტიკა, სადაც ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებაა", _ აღნიშნავს ხატიაშვილი.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე 50-მდე ადვოკატს მიაყენეს შეურაცხყოფა, თუმცა არცერთი ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის.
"როგორ შეიძლება, ადვოკატს დაემუქრო პროცესზე არ მიხვიდეო, იარაღი მიადო, მიაფუთხო?! მარია სლაზაკმა წერილები გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყურადღება გაამახვილა საადვოკატო საქმიანობაში უხეში ჩარევების გამო და მოითხოვა გამოძიების ჩატარება. თუმცა, საქართველოდან პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ 2015 წლის მაისში მიმართა ფედერიკა მოგერინის და 9 ევროპული სტრუქტურის ხელმძღვანელს, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარს და მოითხოვა ქართველი ადვოკატების დაცულობის ხარისხი ამაღლებულიყო. კარგად იცით, რომ ადვოკატებს პროკურატურაში სცემდნენ, პროცესზე რომ გამოდიოდნენ – აფურთხებდნენ. ყველა ფაქტი ზეპირად ვიცით.
მარია სლაზაკი შევახვედრე ადვოკატ ნონა კირთაძეს, რომელსაც გორის სასამართლოს შენობაში ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა შეურაცხყოფა მიაყენა. ეს იყო ახალი ხელისუფლების პირობებში, დაახლოებით, ერთი წლის წინ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი და დღემდე პასუხი არ მიგვიღია.
ადვოკატ ირინა საღინაძეს გაუპატიურებით დაემუქრნენ, არც ამაზე ჰქონია საგამოძიებო სტრუქტურებს რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მარსელა ბრასელმა თეა წულუკიანს მიმართა, რომ ეს ფაქტი შეესწავლათ; სამი წელია გასული და პასუხი არც მე მიმიღია არც მარსელა ბრასელს.
ადვოკატ რომეო საჯაიას პროკურორმა ბაჩიაშვილმა პროკურატურაში სცემა და ამას აღიარებს უწყება, მაგრამ ეს კაცი ისევ იმ ადგილზე მუშაობს. ნონა კირთაძის თავდამსხმელი გოგა ბერძენიშვილი ისევ ფინანსურ პოლიციაშია.
50-მდე ადვოკატია რომლებსაც სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. არცერთ მიმართვაზე გამოძიება არ არის ბოლომდე მიყვანილი. პოლიციას და პროკურორს რომ შეურაცხყოფა მიაყენოთ დაგიჭერენ, ადვოკატის შეურაცხყოფა კი, არაფერია თითქოს.
ბოლო აკორდი ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმე იყო. იმის გამო დაიჭირეს და დაადეს ბორკილები, რომ თავისი დაცვის ქვეშ მყოფს ურჩია ჩვენება არ მიეცა შუაღამისას პროკურორისთვის. პროკურატურამ კი, თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებისთვის მისცა ადამიანი პასუხისგებაში, როცა სახეზე იყო ადვოკატის წამება და არაადამიანური მოპყრობა.
გოგა ონიანი, რომეო საჯაია, ირაკლი ზაქარეიშვილი, ელენე ლაზარიაშვილი, ნუგზარ სამარჯიშვილი, დიმიტრი გაბუნია, დიანა მარტიაშვილი, მერი ცინარიძე, ნონა კირთაძე, მზია თომაშვილი, – ესენი არიან ადვოკატები, რომელთა შეურაცხყოფის საქმეები ევროპის ადვოკატთა ასოციაციას აქვს შესწავლილი.
დაახლოებით, ერთი წლის წინ მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვე ადვოკატების შეურაცხყოფის გამო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. მან ეკა ბესელიას დაავალა ამის შესწავლა. ამიტომ პარლამენტმა როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საადვოკატო საქმიანობა დაცული სფერო გახადოს", _ ამბობს ხატიაშვილი და დასძენს, რომ ადვოკატთა უფლებების დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, ადვოკატი პაატა შავაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება, ეს ადვოკატის საქმიანობის დაცვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.
"სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი პროცესის მონაწილისადმი ზეგავლენის მოხდენასთან დაკავშირებით რა სანქციებია, თუმცა, აქ არ არის გამოკვეთილი ადვოკატთან მიმართებით ასეთი ხელშეშლა რას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე დღეს პრაქტიკულად ხელისშემშლელია ადვოკატებისთვის. ძალიან ბევრი ადვოკატი განიცდის ზემოქმედებას, ზეწოლას, ხელშეშლას, ყოფილა მუქარის შემთხვევებიც, მინიშნებებიც – თუ ბევრს "გაახურებს" , დაისჯება; მიუნიშნებენ ნათესავებთან და ახლობლებთან დაკავშირებითაც. ასეთ სიტუაციაში ადვოკატი ვერ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, როცა ის თავად არის დაშინებული", _ აღნიშნავს შავაძე.
გარდა ამისა, შავაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ადვოკატებისთვის ხელის შემშლელი მოსამართლეებიც გახდნენ.
" გამოიკვეთა, რომ მოსამართლეებიც კი უშლიან ხელს ადვოკატებს საქმიანობაში. მაგალითად, გამოაქვთ ისეთი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების უფლებასაც არ უტოვებენ ადვოკატს. ეს არის ერთგვარი ხელშეშლა. კანონის სახელით ქმნიან ბარიერებს; გაუგებარი მოტივაციით იღებენ განჩინებებს; ამიტომ ადვოკატის უფლებების კანონით დაცვა მხოლოდ მისასალმებელია", _ აღნიშნავს შავაძე.
თუ რა სანქციებს გაითვალისწინებს ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტში კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ საკუთარ წინადადებებსა და მოსაზრებებს, საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის.