ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების მიმართ გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ ლანჩხუთში მოქმედი მუზეუმების თანამშრომლები, რომლებიც აქცენტს მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ _ ისინი ამბობენ, რომ სათანადო პირობების არქონის გამო, განადგურების საფრთხე ემუქრება უნიკალურ ექსპონატებს; ზოგიერთი მათგანი დაბალი სახელფასო ანაზღაურების შესახებაც საუბრობს.
რამდენიმე დღის წინ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებსა და კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელობას შორის ადგილი ჰქონდა საკმაოდ მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებას.
როგორც კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში გვითხრეს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუზეუმის გამგემ ნონა იმნაძემ დარეკა და თქვა, რომ შენობის სახურავი თოვლისგან იყო გასაწმენდი.
მდგომარეობის გასაცნობად მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს მუზეუმის თანამშრომლებმა ის პრობლემები და მოთხოვნები გააცნეს, რომლებიც, მათი აზრით, მოსაგვარებელია. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მუზეუმის ინფრასტრუქტურის გასავითარებლად გაერთიანების ბიუჯეტში სათანადო თანხა არ არის გათვალისწინებული.
"დიდთოვლობისას სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა უნიკალური ექსპონატები დააზიანა. შენობის ფასადიდან ფილები ცვივა, რაც ქუჩაში გამვლელებს საფრთხეს უქმნის. გამოსაცვლელია ფანჯრები, საჭიროა შენობის გაზიფიცირება და ასე შემდეგ", _ ეს იმ მოთხოვნების ნაწილია, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს ხელმძღვანელობის მიმართ აქვთ.
მუზეუმის თანამშრომლები დაბალ ანაზღაურებაზეც საუბრობენ: "არც ერთი თეთრი არაა გამოყოფილი ჩვენი ხელფასების მოსამატებლად _ წინა ხელისუფლებისთვის მოგეთხოვათო. მუზეუმის თანამშრომლებს "ნაციონალობას" ვერავინ დაგვწამებს, მაგრამ წინა ხელისუფლებამ, ამასთან შედარებით, ნამდვილად გაგვიზარდა ხელფასები. მიზერული ანაზღაურებაა მუზეუმებში. თავად არაფერში იღებენ მაღალ ხელფასებს და ამას ვაპროტესტებთ სწორედ. გაერთიანების ხელმძღვანელის, ადელინა კილაძის თქმით, თურმე, როგორ გავბედეთ და მოვითხოვეთ ხელფასების გაზრდა და პრობლემების მოგვარება. მან არც კი მოგვისმინა, პირდაპირ გვითხრა, თუ არ მოგწონთ, დაწერეთ განცხადება და სახლში წადით, მეტის საშუალება ჩვენ არ გვაქვსო. თუ საშუალება არაა, როგორ ჰყავთ გაერთიანებაში ამდენი თანამშრომელი მაღალი ხელფასებით?" _ ამბობენ მუზეუმის თანამშრომლები.
"გურია ნიუსთან" საუბარში კულტურის დაწესებულებათა ხელმძღვანელმა ადელინა კილაძემ აღნიშნა, რომ "მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის და უშუალოდ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისთვის ლანჩხუთში მოქმედ მუზეუმებს შორის პრიორიტეტი ორი მუზეუმს _ ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალურ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს ენიჭებათ, რაც ნამდვილად არ უნდა დარჩეს სხვა მუზეუმებისთვის საწყენი და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდება მათთვის დახმარების გასაწევად":
"ჩვენთვის კარგად ნაცნობია ყველა ის პრობლემა, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გააჩნია, თუმცა, დღესდღეობით, გაერთიანებას ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პრობლემა ერთდროულად გადაიჭრას. ეტაპობრივად, შესაძლებლობების ფარგლებში, ვეცდებით პრობლემების გადაჭრას. იმ კონფლიქტური სიტუაციის შემდეგ, რომელიც ამ მუზეუმში განვითარდა ჩვენსა და მუზეუმის თანამშრომლებს შორის, ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად გუბერნატორის მოადგილეც იყო მისული გაერთიანების ინფრასტრუქტურის თანამშრომელთან ერთად, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დახმარებას დაგვპირდა. პირველ ეტაპზე იგეგმება შენობის გაზიფიცირება და ფანჯრების გამოცვლა. სხვათა შორის, მუზეუმის თანამშრომლებმა ისეთი ფანჯრების ჩასმა მოითხოვეს, რომლის მსგავსს ლანჩხუთში საერთოდ არ ამზადებენ. არც სხვა მუზეუმებს დავტოვებთ უყურადღებოდ. ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაა ნინოშვილის მუზეუმში, სადაც იგეგმება ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც მუზეუმის წარმომადგენლები აყენებენ, ვერ დაკმაყოფილდება", _ გვითხრა ადელინა კილაძემ.
გარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა, პრეტენზიებს გაერთიანების მისამართით თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის გამგე დარეჯან ბიწაძეც გამოთქვამს:
"უაღრესად დამცირებულ მდგომარეობაში ვართ მუზეუმის თანამშრომლები. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჯერ იყო და მუნიციპალიტეტში გააუქმეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ცენტრი და მასში შემავალი მუზეუმები მიგვაერთეს კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას, ხოლო ტურიზმი _ სოფლის მეურნეობას. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში გამეფებულ ქაოსს კი ეწირებიან ლანჩხუთში არსებული მუზეუმების თანამშრომლები. შეგვიმცირეს შტატები, რადგანაც კულტურის გაერთიანებაში უმაქნისი კადრებისთვის გამოყვეს კადრები და ხელფასი გაზარდეს, ჩვენ კი, 21-ე საუკუნის ნაცვლად მონათმფლობელურ წყობილებაში დაგვაბრუნეს. ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ჩვენი არაერთი თხოვნისა, გადაეხედათ სახელფასო განაკვეთისთვის, გამგებლისა და გაერთიანების დირექტორის მხრიდან ეს საკითხი დღემდე არაა მოგვარებული. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, წერილი მაქვს გაგზავნილი გუბერნატორისთვის და მისგან ველოდები პასუხს", _ გვითხრა დარეჯან ბიწაძემ.
მუზეუმებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ფეისბუქგვერდზე განცხადება გავრცელდა:
"კოლოსალური ენერგიის ხარჯვისა და მცირე ანაზღაურების ფასად, რუდუნებით მოკვლეულ მასალას (ექსპონატებს) განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. მაშინ, როცა მხარეთმცოდნეობის უნიკალური ექსპონატები ნადგურდება, ქალაქის ეპიცენტრში მდებარე ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ღობე "კალმახელიძის" ჭიშკარს მოგვაგონებს, ხოლო სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით, გაუმართავი ტუალეტის გამო, სავალალო მდგომარეობაა შექმნილი აქვე, მუზეუმის გვერდით და ასე შემდეგ. მთავარი აქცენტი გამახვილებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე".
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ზემონახსენები ფაქტის შემდეგ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბესო ტაბიძემ, სოციალური კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე კახა ურუშაძემ მუზეუმები მოინახულეს პრობლემების გასაცნობად:
"დიდთოვლობამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ზიანი მიაყენა. სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს საფრთხე შეუქმნა. დაზიანებულია შენობის ჭერი და ფანჯრები, სარემონტოა, ასევე, შენობის ფასადი.
ვალოდია წულაძის სახელობისა და თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმებში დიდთოვლობას ზიანი არ მოუყენებია, თუმცა, არის რიგი პრობლემები. ღობისა და ჭიშკრის მოწესრიგება ესაჭიროება ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმს, სპორტის მუზეუმს კი _ ალტერნატიული ფართი, ვინაიდან ნესტი ექსპონატებს აზიანებს", _ ამბობენ საკრებულოში და დასძენენ, რომ აღნიშნულ საკითხებს უახლოეს დღეებში გამგებელთან ერთად კომისიებში განიხილავენ და პრობლემების აღმოსაფხვრელად სათანადო ზომებსაც მიიღებენ.