ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 6 პროცენტი ც ჰეპატიტითაა დაავადებული.
ც ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის ძირითადი გზაა: კონტაქტი ინფიცირებული ადამიანის სისხლთან და სისხლის კომპონენტებთან, ასევე, ინფიცირებული სისხლით დაბინძურებულ საინექციო, სამედიცინო ინსტრუმენტებთან და სტომატოლოგიურ იარაღებთან, პირსინგის და ტატუირების, აკუპუნქტურის, პედიკურისა და მანიკურის გაკეთებისას (თუ სტერილიზაციის წესები არ არის დაცული).
მედიკოსების თქმით, ჰეპატიტის ვირუსი ცოცხლობს გარემოში (მაგალითად, გამხმარი სისხლის წვეთში) ოთახის ტემპერატურაზე, სულ მცირე 16 საათის და შეიძლება 4 დღის განმავლობაშიც კი.
საქართველოში 2006 წლიდან, მას შემდეგ რაც სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია გაუქმდა, სილამაზის სალონები არ შემოწმებულა.
ჯანდაცვის სამინისტრომ სილამაზის სალონების და სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება 1 იანვრიდან სწორედ "ც" ჰეპატიტის პრევენციისთვის დაიწყო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში ამ ეტაპზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ატარებენ და რეკომენდაციებს გასცემენ.
_ პირველ ეტაპზე მონიტორინგი ტარდება და ის არ ითვალისწინებს სანქციებს. ჯერჯერობით, ვადგენთ ინფექციის გავრცელების რა რისკები გვაქვს. კოსმეტიკურ-ესთეტიკური სალონები, სადაც დარღვევები იქნება აღმოჩენილი, პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებენ, შემდეგ დარღვევების აღმოსაფხვრელად დრო მიეცემათ და თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ სიტუაცია არ გამოსწორდება, სალონი დაჯარიმდება, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მთავარი მოთხოვნა სანიტარული ნორმების დაცვაა, რაც სალონების უმრავლესობაში არ არსებობს. უფრო მეტიც, გურიაში ისეთ სალონებსაც იპოვით, სადაც წყალიც კი არ მოდის.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას თქმით, სამინისტრომ სალონების კონტროლი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაავალა.
_ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაევალათ სილამაზის სალონების კონტროლი. მათ არ ჰყავთ სპეციალისტები და შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაავალეს. კანონში, ჯერჯერობით, არ არის გაწერილი, რა სანქციებია დარღვევის დროს გათვალისწინებული და კანონი შეცვლას საჭიროებს. მანამდე კი მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა, მკაცრი კონტროლი განახორციელოს და საჭიროების შემთხვევაშიძ სალონი დახუროს კიდეც. ეს გამგებელზეა დამოკიდებული, _ გვითხრა მჟავიამ.
გამგებელს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს კი ამას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის # 473 დადგენილება ავალებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, წელიწადში ერთხელ, მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.
როგორც გავარკვიეთ, ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, დუმბაძის ქუჩაზე ყოფილი საყოფაცხოვრებო სამსახურის შენობაში განთავსებული მამაკაცთა სალონი შეამოწმა და დახურა კიდეც.
ამ ინფორმაციას ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი უარყოფს და ამბობს, რომ სალონი მათ არ დაუხურავთ:
_ ჩვენ რეკომენდაციები მივეცით და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ რემონტი მიმდინარეობს, _ აღნიშნა ჯიბუტმა.
თუმცა, ჩოხატაურში კიდევ ბევრი სალონია, რომელიც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ჰიგიენური ნორმებიც არ არის დაცული.
ჯიბუტი ამბობს, რომ სხვა სალონების შემოწმებაც მალე დაიწყება:
_ სალონებთან მიმართებაში ვიქცევით ისე, როგორც გვაქვს დავალება. ამ ეტაპზე დავურიგეთ ბრძანებები, რომელსაც უნდა გაეცნონ. პირველად შემოწმება ჩავატარეთ გასულ წელს და შედეგები გადაცემული გვაქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის. დარღვევები საკმაოდ ბევრია. ველოდებით კიდევ ერთ დოკუმენტს, რომელიც მოგვცემს უფლებას, დავიწყოთ დეტალური შემოწმებები სილამაზის სალონებში, _ გვითხრა ჯიბუტმა.
აღსანიშნავია, რომ სილამაზის სალონების ვალდებულებები, რომლებსაც უმრავლესობა არ იცავს, დეტალურად არის გაწერილი მთავრობის მიერ დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტში.
ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაზე, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები (აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა) ადამიანის კანის საფარველზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა როგორც მოქმედი, ისე ახლად გახსნილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებისთვის.
დოკუმენტის თანახმად, ოპერატორი, რომელიც ახორციელებს მომხმარებლების მომსახურებას ადამიანის კანის საფარველზე ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარების საშუალებით, ვალდებულია შეაფასოს ინფექციური დაავადებების გავრცელების პოტენციური რისკები.
ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების დროს, ინფიცირების ძირითადი მიზეზებია ოპერატორის მიერ ჰიგიენური პრაქტიკის წესების დაუცველობა; სხვადასხვა ოპერატორის მიერ ერთი და იმავე ინსტრუმენტის გამოყენება პარალელურ რეჟიმში; სუფთა და დაბინძურებული ინსტრუმენტების ურთიერთშეხება; სუფთა ინსტრუმენტების განთავსება დაბინძურებულ ზედაპირზე; სტერილური ინსტრუმენტების განთავსება არასტერილურ ზედაპირზე ან ურთიერთშეხება არასტერილურ ინსტრუმენტებთან; სამედიცინო ნარჩენების (მ. შ. შესახვევი მასალის, გამოყენებული ერთჯერადი ხელთათმანის, ხალათის, ნიღაბის, ნემსების, შპრიცების, კალმებისა და ა. შ.) მართვის წესების დაუცველობა.
ოპერატორი ვალდებულია მართოს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები შემდეგი ღონისძიებების გატარებით: ხელების დაბანა მომხმარებლის მომსახურების დაწყებამდე და დასრულებისთანავე, ან პროცედურის მიმდინარეობისას, მისი დროებით შეწყვეტის შემთხვევაში (მაგალითად, სატელეფონო საუბრის გამო); იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება; იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის გამოყენება; ასეპტიკის წესების გამოყენება პროცედურების წარმოებისას; პროცედურების წარმოება სათანადოდ გასუფთავებული, დამუშავებული და სტერილური ინსტრუმენტებისა და დამხმარე მასალის გამოყენებით; სისუფთავის დაცვა პროცედურების წარმოებისათვის განკუთვნილ სათავსებში; ბასრ საგნებთან უსაფრთხო მოპყრობის (მ.შ. გადაყრის) წესების დაცვა; პროფესიული ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა (მ.შ. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია).
დოკუმენტში კიდევ ბევრი პროცედურაა გაწერილი, რომელსაც სალონების უმეტესობა არ ასრულებს და შესაბამისად, მომხმარებელი საფრთხისგან დაცული არაა.
აღსანიშნავია, რომ თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში ჯერ არ დაუწყიათ სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმება, რომელიც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა.
არჩილ მჟავიას თქმით, სტომატოლოგიური კლინიკების და კაბინეტების შემოწმებასაც მალე დაიწყებენ. მისივე ინფორმაციით, კაბინეტები მხოლოდ ც ჰეპატიტის გამავრცელებელი არ არის:
_ შიდსი, ც ჰეპატიტი, კანის დაავადებები _ სალონებში და სტომატოლოგიურ კლინიკებში ბევრი ინფექციაა და ამ ყველაფერს, ბუნებრივია, კონტროლი სჭირება, _ დასძინა "გურია ნიუსთან" საუბრისას მჟავიამ.