სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა კვარაცხელია და პროგრამა "ქართული ჩაის" მენეჯერი ლევან უროტაძე გურიის გუბერნიას სტუმრობდნენ. მათ გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი კოოპერატივების წამომადგენლებს, დაინტერესებულ პირებს პროგრამა "ქართული ჩაი" გააცნეს. ეს არის ქართული ჩაის რეაბილიტაიის პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტოს ინიციატივით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 15 იანვარს დაამტკიცა. მამუკა კვარაცხელია დარბაზში მყოფთ ესაუბრა ამსერიოზული და ნანატრი პროგრამის შესახებ, რასაც ხალხი არც თუ ისე ოპტიმიზმით ელოდა. თუმცა, უკვე გადაიდგა სარწმუნო და მტკიცე ნაბიჯი _ პროგრამის პირველი ეტაპის გახორციელება თებერვლიდან უკვე დაიწყო.
"პირველ ეტაპზე მოხდება პლანტაციების რეაბილიტაცია, მეორე ეტაპი კი სიმძლავრეების შექმნაზე ზრუნვა იქნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნაწილობრივ დახმარეებაა გათვალისწინებული, სრული დახმარება ვერ მოხერხდება. პროექტი არ არის გათვალისწინებული ფიზიკური პირებისთვის. მათ შეუძლიათ, გაერთიანდნენ კოოპერატივებში. აუცილებელია, 40% ქონება თვითონვე ჰქონდეთ. პროგრამა არ გულიხმობს მხოლოდ რეაბილიტაციას. შემდგომი პროცესებიც უნდა გაგრძელდეს, ვალდებულება იქნება სამი წლის განმავლობაში. მაგალითად, კოოპერატივებს ექნებათ ვალდებულება, შექმნან შენობა-ნაგებობები. მათთვის გათვალისწინებული იქნება ტექნიკით დახმარება, რისთვისაც დონორ ორგანიზაციებს ვთხოვთ დახმარებას, ვმუშაობთ ამაზე, "_ თქვა მან.
მამუკა კვარაცხელიამ ასევე კონკრეტულად ისაუბრა სხვადასხვა გარემოებაზე, რასაც საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. მაგალითად, ნამდვილად ექვემდებარება თუ არა ჩაი რეაბილიტაციას? კონკრეტულ უბანზე მხოლოდ ამის დადგენის შემდეგ დაიწყება რეაბილიტაცია, პროგრამით გათვალისწინებული მუშაობა. რომ ეს არის გრძელვადიანი განვითარების პროექტი და ამ წლის ბიუჯეტში 3 მილიონნახევარი ლარია გამოყოფილი. მართალია, პირველ ვეგეტაციამდე ცოტა დროა დარჩენილი, მაგრამ წინ არის გრძელვადიანი შემოდგომა. საქმე უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად, რაც დაფინანსების მიღებით გამოიხატება. მოხდება კომპანიების შერჩევა, ვინც სამუშაოებს შეასრულებს. განსაკუთრებული უპირატესობით ისარგებლებენ და უკეთეს პოზიციაში იქნებიან იჯარის მფლობელები. სულ ცოტა, 25 წლის გამავლობაში, კანონის თანახმად, იჯარის შესახებ კანონი არ გადაიხედება. იჯარით გაცემული პლანტაციების შემთხვევაში, იურიდიული პირები რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 70% დახმარებას მიიღებენ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება კი 90% თანადაფინანსება იქნება. ისინი დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ სხვადასხვა ინვენტარს, საწარმოო მანქანა-დანადგარებს და მოწყობილობებს.
გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ პროგრამა "ქართული ჩაის" დაწყებას რევოლუციური ნაბიჯი უწოდა. დარბაზში მსხდომი ფერმერებიც იგივე ოპტიმიზმით შეხვდნენ "ქართული ჩაის" აღორძინებისთვის უკვე ნათქვამ და გადადგმულ პირველ სიტყვას და ნაბიჯს.
"მადლობას გიხდით იმითვის, რომ კეთდება საქმე, რაც ბოლო 25 წელია, არ გაკეთებულა. ეს არის ზღაპრული ნაბიჯი, თუმცა წინ დიდი სიძნელეებია და ჩვენ ყურადღებას ვითხოვთ იმ კუთხითაც, რომ გარკვეული შეღავათები იყოს მიწის გადასახადთან დაკავშირებით. მუშახელიც აღარ არის. უცხოეთშია გახიზნული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩაის აღორძინება არ იქნება ადვილი საქმე, თუმცა ძალზე საიმედო და ხალხზე ორიენტირებული ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ და თუ ასე გაგრძელდება, უცებ არა, მაგრამ საბოლოოდ საფუძვლიან შედეგს მივიღებთ," _ თქვა სოფელ ძიმითის მცხოვრებმა, ჩაის კოოპერატივის მფლობელმა ლევან თავდიშვილმა.
სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებმა ნუგზარ გიორგაძემ შეხვედრაზე თავისი თვალსაზრისი გამოთქვა . "მე წერილს ვამზადებ ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რადგან ის არჩევნებამდე დაგვპირდა, რომ მოხდებოდა ჩაის კულტურის აღორძინება. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებასთან ერთად გავაკეთეთ პროექტი, რომელშიც მეც დიდი წვლილი მიმიძღვის. მაინტერესებს, საიდან გამოთვალეს ის თანხა, რომელიც უნდა აუნაზღაურონ გლეხს.
ნუგზარ გიორგაძემ "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა. "ჩემი პროექტი გადავეცი მამუკა კვარაცხელიას და ის დამპირდა, რომ გადახედავს. იმედი მაქვს, მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საკითხთან დაკავშირებით."