მიმდინარე წელს რიო–დე–ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ბელორუსში ყველაზე მსხვილმა ხორცის მწარმოებელმა კომბინატმა საინტერესო აქცია წამოიწყო.
კომბინატის გენერალურმა დირექტორმა თანამემამულე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მედალოსნები შეკრიბა და, ჯერ ხომ მადლობა გამოუცხადა, შემდეგ კი გამაოგნებელი წინადადებაც შესთავაზა:
"ჩვენ ბევრი დასახელების ძეხვს, სოსისსა და სარდელს ვაწარმოებთ. მინდა, რომ ჩვენი პროდუქცია ოლიმპიელთა მთავარი საკვები გახდეს. ამიტომ, რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადამდე თითოეულ ოლიმპიელს შინ ყოველდღიურად ძეხვს, სოსისს ან სარდელს მიუტანენ.
რა თქმა უნდა, ისინი ამაში ფულს არ გადაიხდიან, მხოლოდ წინა ღამით მოუწევთ ფირმაში დარეკვა, რათა შეგვატყობინონ, რას ინებებენ მეორე დღისთვის", – განაცხადა დირექტორმა და პირველი სოსისები იქვე ჩამოარიგა.