გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, თემურ სალუქვაძეს პასუხობს.
თემურ სალუქვაძე აცხადებს, რომ რომ რეგიონის (რაიონის) სოციალურ – ეკონომიკური საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით გააჩნიათ შესაბამისი მაღალკვალიფიციური კომპეტენცია, დაგროვილი გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე თემურ სალუქვაძის განცხადების პასუხად ამბობს:
"გავეცანი "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თემურ სალუქვაძის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ გურიის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. ის ასევე, საუბრობს ხელისუფლების შეცდომაზე, რომლის მიზეზადაც ვიწრო წრეში, ან ერთპიროვნულად მიღებულ არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს ასახელებს. ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ დღეს არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება, უფრო მეტიც, როდესაც გურიის გუბერნატორად დავინიშნე, შევხვდი როგორც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ისე თემის საკრებულოს წევრებს, მათთან თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოვთქვი და აღვნიშნე, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის არის საჭირო, მათ გვერდით ვიქნებოდი. უნდა აღვინიშნო ისიც, რომ ჩემი არაერთგზის შეთავაზებისა მათი მხრიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა. თემურ სალუქვაძე აღნიშნულ სხდომებს არ ესწრებოდა და იქნებ გაგვახსენოს, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორ თანამშრომლობდა ის ოპოზიციასთან?
აღსანიშნავია ისიც, რომ საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს სრული წვდომა აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებების საჯარო განხილვებზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ რეგიონისთვის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციისგან მოვისმინოთ ნებისმიერი სახის შემოთავაზებები."– თქვა გია სალუქვაძემ.