საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია 2016 წლის არჩევნებამდე პარლამენტმა სავალდებულო კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ ბესელიამ G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე" ისაუბრა, რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
"ის, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში არის ქალთა სიმწირე და ეს არის ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის პრობლემა. ამიტომ განსაკუთრებული ძალისხმევა ბოლო წლებში არის მიმართული იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი მონაწილეობდეს პოლიტიკაში. სწორედ ამისთვის შემუშავდა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულო კვოტირებას; კერძოდ, პროპორციულ სიებში ყოველ სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესი უნდა იყოს.
ამ კანონპროექტს და იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ მეც და ჩემმა კომიტეტმაც მას მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ სავალდებულო კვოტირების იდეას ჩვენ ვუყურებთ დროებით და აუცილებელ ზომას. შესაძლებელია, ბუნებრივი განვითარების გზით წასვლა იყოს კარგი და არა ხელოვნური ჩარევა, მაგრამ ასე კონკრეტული შედეგების მიღებას ძალიან დააგვიანდება. ამას შესაძლოა, რამდენიმე მოწვევის პარლამენტი არ ეყოს. თუ გვინდა, რომ სწრაფად გადავლახოთ ბარიერები, რომელიც ქალებს ექმნებათ საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის კუთხით, ვფიქრობ, ეს კანონპროექტი კარგი შესაძლებლობაა", _ აღნიშნავს ბესელია.
მისივე თქმით, "იდეალურ მოცემულობამდე, როდესაც თანაბარი რაოდენობაა ქალების და მამაკაცების საკანონმდებლო ორგანოში, შორს ვართ".
"ამიტომ, სულ რომ არ დაიკარგოს შრომა, მოდი, ამით დავიწყოთ. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ სავალდებულო კვოტირება მიეხმარება ბევრ ქალს, რომლებსაც არ ჰყოფნით საკმარისი შინაგანი ძალა, გადალახონ ბარიერები და გაუმკლავდნენ სირთულეებს. ამ კანონს, როგორც დამაკნინებელ კანონს არ უნდა ვუყუროთ, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აღიქვამს, ეს არის დროებითი ზომა. ეს კანონი არ აკნინებს ქალთა როლს, პირიქით, როდესაც სახელმწიფო იყენებს დროებით ზომას, პროცესის დასაჩქარებლად, ამ შესაძლებლობასაც ასე განვიხილავ", _ აღნიშნავს ბესელია.