საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში მოსვლის მსურველ ქალბატონებს ნაკლები ბარიერების გადალახვა მოუხდეთ.
"მე, როგორც ქალი პოლიტიკოსი, რომელსაც გამივლია ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პოლიტიკური გზა, რაც ქალ პოლიტიკოსებს გაუვლიათ ქართულ პოლიტიკაში, მიმაჩნია, რომ სხვა ქალბატონებს უნდა გავუიოლოთ ის ბარიერები, რომელიც მათ ექმნებათ. ყველაზე მტკივნეულად მოვედი დღემდე და არც დღეს არ არის ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა იოლი, სწორედ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ამ ბარიერების შემცირება მნიშვნელოვანია.
სტერეოტიპები, ხელოვნური ბარიერები, ბევრი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ქალის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში. პარლამენტში არსებული გენდერული საბჭო, ძალიან აქტიურად მუშაობს გენდერულ საკითხებზე, თანაბარ შესაძლებლობებზე, ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე, ძალიან ბევრს მუშაობს პირადად ჩემი კომიტეტიც. იმედს ვამყარებ, რომ ამ კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ეს ახალი კანონპროექტიც, რომელიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მიმდინარეობს განხილვები, დაეხმარება ქალთა მეტ მონაწილეობას პოლიტიკაში. გვჭირდება მეტი ქალი. თუ კითხვა ასე დაისმება – რატომ გვჭირდება ქალი პოლიტიკოსები, იმიტომ, რისთვისაც მამაკაცი პოლიტიკოსები გვჭირდება. ის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, რაც აქვს ქალბატონებს, ისევეა საჭირო, როგორც მამაკაცი პოლიტიკოსების თვისებები. ეს ბალანსი საჭიროა იმისთვის, რომ პოლიტიკა იყოს უფრო აკადემიური, დაბალანსებული, კარგი, შეგედიანი და მეტი სიკეთის მომტანი.
თუ ვერ გავათანაბრებთ რაოდენობის თვალსაზრისით ქალ და მამაკაც პოლიტიკოსებს პარლამენტში, ხელი მაინც უნდა შევუწყოთ, რომ მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში", _ აღნიშნავს ბესელია და დასძენს:
"ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც ყოველი მეორე ქალის აუცილებლობას აყენებს პროპორციულ სიებში, კონსესუსის მიღწევა რთული იქნება, ამიტომ მეორე მოდელის მიღება ვფიქრობ, უფრო მოსახერხებელია. იცით, რომ ეს კანონპროექტი პროპორციულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის აუცილებლობას ადგენს", _ განაცხადა ეკა ბესელიამ G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე", რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
ამავე თემაზე:
კვოტირება ქალებს ბარიერების გადალახვასა და სირთულეების გამკლავებაში დაეხმარებათ – ბესელია