ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფესბუქგვერდზე ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ მოედანში მცხოვრები ინგა გოგუაძე საკუთარი პრობლემის შესახებ წერს და დეპუტატებს დახმარების თხოვნით მიმართავს.
"უკვე 2 წელია, რაც განიხილება ჩემს მიერ შეტანილი განცხადება გაბიონის თაობაზე. გეოლოგები ორჯერ უკვე იყვნენ და უპირობოდ აღიარეს, რომ დახმარება გადაუდებლად უნდა ჩაუტარდეს ჩემი საკარმიდამო მიწის ღელისპირა ნაწილს, სადაც ერთი მეტრის დაშორებით ნალია და "სამზადი სახლია", ათიოდე მეტრის დაშორებით თავად ოდა-სახლი. ამ დიდთოვლობის შემდეგ, კიდევ უფრო გახშირდა მეწყრული ჩამოშლები, გთხოვთ დააჩქაროთ დახმარება, რომ კიდევ უფრო არ დავზარალდე", -საკრებულს წევრთა საყურადღებოდ წერს დახმარების მოლოდინში მყოფი ინგა გოგუაძე.
საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჩოჩხათის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ალეკო სარიშვილს დავუკავშირდით, რომლის თქმითაც, ინგა გოგუაძის პრობლემის შესახებ ინფორმაციას დეტალურად ფლობს და საქმის კურსშია ჩაყენებული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც.
"მეწყერმა პრობლემა შეუქმნა გოგუაძის ღელისპირა ნაწილს, რომლის სიახლოვეს ნალია დგას. სიტუაცია დასურათებულია და გადაგზავნილია თბილისში. დანამდვილებით არ შემიძლია თქმა, ეს პრობლემა რამდენ ხანში გადაწყდება, მაგრამ როგორც კი სტიქიის სალიკვიდაციო თანხები წამოვა, მეორე ან მესამე ეტაპზე, გოგუაძის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარედ აუცილებლად მოეწყობა გაბიონი. მოგეხსენებათ პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით მოედანში დაზიანებული ხიდის აღდგენა მოხდა", -გვითხრა ალეკო სარიშვილმა.
გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ჩვენთან საუბარში ვერ იხსენებს არის თუ არა მასთან შემოსული მოქალაქე ინგა გოგუაძის განცხადება, თუმცა აღნიშნავს, რომ ასობით მსგავსი შინაარსის განცხადებაა შესული ინფრასტრუქტურის სამსახურში.
"ასეთი ასობით განცხადება შემოდის ჩემთან და თითოეულს ვერ დავიმახსოვრებ. ისე კი, რაც ფეისბუქზე დაიწერება, შეიძლება ყველაფერზე კომენტარი აკეთო ადამიანმა?! იქნებ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რაღაც სისულელე დავწერე, ამით უნდა დაინტერესდეს ჟურნალისტი?!"– საყვედური გამოთქვა ჩხაიძემ.