საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველი კოალიცია სხვა პოლიტიკური ძალებისთვის მაგალითი უნდა იყოს და პროპორციულ სიაში რაც შეიძლება მეტი ქალი ჩასვას.
ამის შესახებ ბესელიამ G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე" ისაუბრა, რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
"ჩვენ ახლა ვემზადებით საარჩევნო სიის ფორმირებისთვის. ბუნებრივია, ჩვენ პირველ რიგში გვევალება, როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალას, სხვებს მაგალითი ვაჩვენოთ, ამიტომ იმედი მაქვს, ჩვენ კარგი მაგალითი ვიქნებით. მაქსიმალურად ვცდილობთ ეს პრინციპი სხვადასხვა დონეზე გამოვიყენოთ.
ჯერ არ ვართ იდეალურ სტანდარტებთან, მაგრამ პროგრესი, ზრდა ჩანს გასულ წლებთან შედარებით. ამ პროცესს პირველ რიგში განათლება უწყობს, რაზეც კიდევ უფრო მეტი რესურსი უნდა მივმართოთ. ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ფასეულობები უნდა იყოს განათლების ერთიან ჭრილში დანახული. ეს დაეხმარება როგორც პოლიტიკას, ასევე სხვა საჯარო სივრცეებს. ყველგან, ეს იქნება ადმინისტრაციულ ორგანოებში, თუ არჩეულ პოზიციებზე. თამამად უნდა მიიღებოდეს გადაწვეტილება მეტი ქალის დანიშვნის. მით უფრო, რომ საქართველოს აქვს ეს პოტენციალი. ხშირად ვამბობთ, რომ მე-12 საუკუნეში ქალი მეფე გვყავდა. პარლამენტარიზმის ფესვები და ინსტიტუციური ხედვა მაშინ გაჩნდა. ამდენად, ჩვენთვის ეს ახალი და არათავსებადი არ უნდა იყოს. ეს უნდა გადავზარდოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ქალების მონაწილეობით უფრო გაკეთილშობილდება პოლიტიკა და არაფერს დაკარგავს. სამწუხაროდ, ქალთა მონაწილეობის მხრივ, ჩვენი მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია.
საინტერესო იყო ის კვლევაც, რომელიც 2013 წელს მოსახლეობა ვის მიიჩნევდა ყველაზე აქტიურ დეპუტატად. გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა უმეტესობამ ქალები უფრო აქტიურებად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ. პოტენციალი არის და ვგრძნობ, რომ სამოქალაქო სექტორში მყოფი ძალიან აქტიური ქალბატონები ინტერესს იჩენენ, პოლიტიკაში გადავიდნენ. ვფიქრობ, ეს კარგია", _ აღნიშნა ბესელიამ GNews TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე", რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
ამავე თემაზე:
"არ არის ჩემთვის პოლიტიკაში ყოფნა იოლი" – ეკა ბესელია
კვოტირება ქალებს ბარიერების გადალახვასა და სირთულეების გამკლავებაში დაეხმარებათ – ბესელია