საქართველოს ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების შემოდინების მაჩვენებელს აქვეყნებს. ამ მონაცემების მიხედვით, ფულადი გადარიცხვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
2016 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 66.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 162.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11.8 პროცენტით (8.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2015 წლის იანვარის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა.
ეს ქვეყნებია: იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, აშშ, თურქეთი, ისრაელი, უკრაინა, ერაყი.
2016 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 11.9 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.5 მლნ აშშ დოლარისა (24.3 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.