შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები გრძელდება.
დეპარტამენტის დირექტორის კახა მურადაშვილის ერთ-ერთ მოადგილედ წარმოშობით თბილისელი სერგი ბზიშვილი დაინიშნა. ბზიშვილი შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი სოსო სულაბერიძე დაინიშნა, აღნიშნულ პოსტზე გიორგი კვირჩილაძე მუშაობდა.
ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტი თბილისელმა თემურ სხირტლაძემ დაიკავა. ის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ასევე იყო დეტექტივების განყოფილების უფროსიც.
ჯერჯერობით პოსტი ოფიციალურად არ დაუტოვებია მურადაშვილის კიდევ ერთ მოადგილეს გაგა ბაზაძეს, თუმცა ის "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქუთაისში გააგრძელებს მუშაობას. მის ადგილზე კი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ბესო ბოლქვაძე სახელდება.
საკადრო ცვლილებები შეეხო რაიონული სამმართველოების უფროსების მოადგილეებსაც. დააქვეითეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ტარიელ ცერცვაძე, რომელიც ამავე სამმართველოში დეტექტივად გადაიყვანეს, ხოლო ჩოხატაურის პოლიციის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე პაატა ხარაბაძე ოზურგეთში დეტექტივის თანაშემწედ დანიშნეს.
თანამდებობებს ამ ეტაპზე ინარჩუნებენ ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსების სხვა მოადგილეები, გიორგი შარაშენიძე და ზაზა დოლიძე.
საკადრო ცვლილებების მოლოდინშია ლანჩხუთის რაიონული სამმართველოც, ჯერჯერობით დაქვეითებულია სუსფის განყოფილების უფროსი გიგინეიშვილი
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები კვლავ გაგრძელდება.