საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინგორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი კი 25%-ით შემცირდა. ასევე, 100 მილიონით გაირღვა იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია.
"სამწუხაროდ, ეკონომიკური პრობლემები არათუ გვარდება, არამედ ღრმავდება. საქტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელა. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები – ყველაფერი ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების პარალელურად ხდება და ამავდროულად ხელისუფლება ამბობს, რომ მათ რუსულ ბაზართან ურთიერთობა "დალაგებული" აქვთ.
სამწუხაროდ, დღევადნელი ხელისუფლების განცხადებები რეალურ საქმეს დაშორებულია და ის როგორც ადგილობრივ პოტენციურ ინვესტორებს შორის, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის უარყოფით მოლოდინს აჩენს.
ის, რომ ექსპორტი და ინვესტიციები შემცირებულია, პირდაპირ აისახება ლარის კურსზე, ხოლო იმპორტის შემცირება პირდაპირ სამუშაო ადგილებს ურტყამს.
ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს და არც ძალუძს რომ აღნიშნული პრობლემები დაძლიოს.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, რეალურად გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს და მოქალაქეებს ამით გამოწვეულ ტვირთს შეუმსუბუქებს." – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.