"თუ კი რაიმე თავის მოწონება შეუძლია რეგიონს, ოთხივე მუნიციპალიტეტში გენდერული პრინციპი არა მხოლოდ დაცულია, უფრო მეტად ქალებისკენ არის გადახრილი, რასაც მე პირადად მივესალმები", _ თქვა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "არჩევანი – მე", რომლის თემა "ქალი და პოლიტიკა" იყო.
მისივე თქმით, 2014 წელს სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ რეკომენდაციები შემუშავდა, რომლებიც შესასრულებლად სხვა დანარჩენ სახელმწიფო უწყებების მსგავსად მუნიციპალიტეტებს დაეგზავნა.
საქართველოს სახალხო დამცველმა, თავის ანგარიშში წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
აღნიშნული დადგენილების მე-11 თავი ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ხოლო მე-11 თავის „ე" და „ვ" პუნქტები ქალთა ჩართულობასა და გენდერის საკითხებს. 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა უმცირესობის მიმართ არსებული შეუწყნარებლობის აღმოფხვრას, ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბებას და თანასწორობის მიღწევას. თითოეული მუნიციპალიტეტი აქტიურად ცდილობს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას.
"ჩვენთან გუბერნიაში 35 საჯარო მოხელიდან 22 არის ქალბატონი და 13 არის მამაკაცი. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 15 დეპუტატიდან 7 ქალბატონია და სავარაუდოდ მაისში ჩასატარებელი ვადამდელ არჩევნებზე ქალბატონი დაემატება. ქალაქ ოზურგეთის მერიის – 77 საჯარო მოხელიდან 42 ქალბატონია და 35 მამაკაცია. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ-ებში დასაქმებულია 822 ადამიანი, 466 ქალია და 356 მამაკაცია. მინდა ვთქვა, რომ წამყვან თანამდებობებზე ქალბატონებს უკავია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულია 167 საჯარო მოხელე – აქედან 104 კაცია, ხოლო 63 ქალი. აიპებში 820 ადამიანია აქედან 501 ქალია, ხოლო 319 კაცი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 485 ქალია დასაქმებული და 105 მამაკაცია (აქ შედის ა.(ა).ი.პ-ებში დასაქმებულთან რიცხვი). ჩოხატაურის გამგეობაში დასაქმებულია 127 საჯარო მოხელე. აქედან 85 კაცია, ხოლო 42 ქალი", _ აღნიშნა გურიის გუბერნატორმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, საკრებულოში 38 წევრიდან ხუთი ქალბატონია და ხუთივე თანამდებობის პირია.
"მინდა გითხრათ, რომ ხუთი ქალბატონიდან ყველა მათგანი არის თანამდებობის პირი, ორი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა, ორი ქალბატონი კიდევ ფრაქციის თავმჯდომარეა, რაც შეეხება მეხუთე ქალბატონს ის არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. ისინი ძალიან აქტიურები არიან და ყოველთვის მივესალმები იმ ფაქტის, რომ წამყვან თანამდებობებზე იყვნენ ქალები", _ თქვა ზაალ მამალაძემ.