პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები მთავრობას მოუწოდებენ მიწების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას საკუთარ ინიციატივას თავაზობენ.
"ვიდრე ეს კანონი საქართველოს პარლამენტში განიხილება, საქართველოს მოსახლეობას ექნება იმის შიში, რომ მთავრობა მათ წაართმევს იმ მიწებს, რომელიც მათ წლების და საუკუნეების განმავლობაში ეკუთვნოდათ. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ შემთხვევაში არის ამ კანონპროექტის უკან გაწვევა. ეს პარლამენტი არ გამოირჩეოდა იმით, რომ როდისმე შეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობას და პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილებას უპრავებდა, რომელიც მთავრობაში იყო მიღებული. ამიტომ ექნება მოსახლეობას მოლოდინი, რომ პარლამენტი ისევ დაუმტკიცებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობამ მიიღო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი შესწავლილია და ჩატარებულია არაერთი, მათ შორის USAID-ის მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელიც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის სამართლებრივ სტრატეგიას გულისხმობს. ეს დოკუმენტი თავის დროზე ნანახი აქვს იუსტიციის სამინისტროს და მეტიც, სტრატეგიად არის განსაზღვრული. იქ ყველა საკითხია განხილული და დაყრდნობილია საპილოტე რაიონებზე, სადაც აღწერა ჩატარდა.
ჩვენ უკვე ვესაუბრეთ არასამთავრობოებს, ვინც უშუალოდ მიიღო ამ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მათთან ერთად მუშაობას, ვსრულყოფთ ამ კანონპროექტს და წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ეს კანონპროექტი გახლავთ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ. აქ კონკრეტული მედიაციის მექანიზმია მოცემული, რომელიც მიმართული იქნება იქით, რომ მოსახლეობის უფლებები იქნას დაცული. ასევე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფომ ამ ყველაფერთან დაკავშირებული ხარჯები თავის თავზე აიღოს", – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ამავე თემაზე: "მიწის რეფორმის პროექტი ფაქტობრივად გაკულაკებას ითვალისწინებს"