ცნობილი ქართველი მთარგმნელი, მეცნიერი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე დღეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
მანამდე სიონის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც ბაჩანა ბრეგვაძის ხსოვნას ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების და კულტურის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსებმაც მიაგეს პატივი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ტაძარში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„ასეთი მოაზროვნე საუკუნეში ერთი იბადება. უდიდესი დანაკლისია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მისი ნააზრევი ძვირფასია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, ჩვენ ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ვხედავთ მოვლენებს, რადგან ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა იქონია მისმა ნააზრევმა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბაჩანა ბრეგვაძე – 14 თებერვალს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.




































































