20 თებერვალს მსოფლიო სოციალური სამართლიანობის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე განცხადებას ავრცელებს.
"20 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, ადამიანების დასაქმებას და ღირსეულ ცხოვრებას, გენდერულ თანასწორობას, სოციალურ კეთილდღეობასა და სამართლიანობას", – აცხადებს გულიკო ზუმბაძე .
დეპუტატის განცხადებით, სოციალური სამართლიანობა უზრუნველყოფს ადამიანთა ღირსეულ ცხოვრებას, მათ შორის მათი, ვისაც დამოუკიდებლად ამის მიღწევა არ შეუძლიათ – ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები.
"სოციალური სამართლიანობა საზოგადოების სტაბილურობის საფუძველს წარმოადგენს. მის გარეშე არ არსებობს მშვიდობა, უსაფრთხოება და სოციალური განვითარება. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა არის საქართველო, სადაც ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთო ღირებულებაა და სადაც ყველა ადამიანისთვის უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრება და კეთილდღეობა.
მიმაჩნია, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში მაღალი ხარისხის დემოკრატიისა და აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლიანობის დამკვიდრება", – აცხადებს გულიკო ზუმბაძე.