პრემიერ-მინისტრმა მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებზე და ამ მიმართულებით არსებულ ახალ სამთავრობო ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპირებს ახალგაზრდობისთვის შექმნას საფინანსო ინსტიტუტი და მექანიზმი, რათა თავად შეძლონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება.
"ყოველთვის მიკვირს ხოლმე, როცა ახალგაზრდას, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ან ჯერ კიდევ სწავლობს, აზრადაც კი არ მოსდის, რომ გახდეს მეწარმე. მეწარმე კიდევ ის სიტყვა არ არის. ენტრეპრენერი, ამის ზუსტი ქართული თარგმანი არ ვიცი, ანუ ინიციატივით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონ წამოიწყოს, ბიზნეს ინიციატივა განახორციელოს და თვითონ შექმნას თავისი ეკონომიკური წარმატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, მარტო ბავშვობაში სწავლება არ არის საკმარისი.
სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს, რომ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საფინანსო ინსტიტუტი და მექანიზმი, რათა ყველანაირი საბანკო უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე შეძლონ საწყისი კაპიტალის მოძიება და წამოიწყონ და დააფინანსონ თავისი ინოვაციური ინიციატივა, რომლითაც შეძლებენ მცირე, ან უფრო დიდი ბიზნესპროექტების განხორციელებას. ეს შეიძლება არ იყოს საწარმო და იყოს რაიმე სერვისი და ა.შ. დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. სტარტაპის დაფინანსების რაიმე მექანიზმი, სადაც შეიძლება მივიდეს სტუდენტი, ან შუა ხნის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან საინტერესო ინიციატივა და არ აქვს ქონება, რომ დააგირავოს და წამოიწყოს ესა, თუ ის ბიზნესი. რა თქმა უნდა, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენი მიზანია სამეწარმეო სულისკვეთება არა მარტო განვითარდეს და მენტალურად გაძლიერდეს, არამედ რეალიზება ჰპოვოს ასეთი მქეანიზმების მეშვეობით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უფრო ხშირად გააკეთონ განცხადებები, რომ ის, რაც კარგია ბიზნესისთვის, კარგია ყველასთვის. ეს ადამიანები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ისინი აფინანსებენ მეცნიერებას, ისინი აფინანსებენ მთავრობას და გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლოა კერძო სექტორისთვის, არის სასარგებლო ქვეყნისთვის. ამის ღრმად დანერგვა უნდა მოხდეს ადამიანების ცნობიერებაში.
პირველივე წინადადება, რომელიც მე წარმოვთქვი მსხვილ ბიზნესთან ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე, იყო ის, რომ შემდეგი შეხვედრა იქნებოდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და უახლოეს დღეებში ასეთი შეხვედრა შედგება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საკრიტიკო ველი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ ოპოზიციას .პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მივცემთ უფლებას ოპოზიციას, რომ რამეზე გაგვაკრიტიკოს. შეიძლება დარჩეს მათთვის რაღაც ნიშა, მაგრამ სულ უფრო შემცირდება. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესებს დავფარავთ და მოვიცავთ."